პანდა ჩინეთის ერთ-ერთი სიმბოლოა და ეს ქვეყანა ამ დათვის გამოსახულებას ბევრ რამეში იყენებს, მეტწილად სუვენირებში. თუმცა, ჰონგ-კონგური კომპანია „პანდა გრინ ენერჯი“ პანდას ფორმის მზის სადგურების აშენებას აპირებს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 100 ცალი მზის ელექტრო სადგური ინიციატივა „ბელტ ენდ როუდის“ შესაბამისად, ახალ სარტყელში აშენდება, რომელმაც ანტიკური აბრეშუმის გზა უნდა შეცვალოს. მათში მზის პანელები ისე განლაგდება, რომ პანდას ფორმა წარმოქმნან.
„პანდა გრინ ენერჯიმ“ ერთი ასეთი სადგური უკვე აამოქმედა ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია შანქსიში. სადგური 50-მეგავატიანია. მასში მუქი კრისტალური სილიკონი და თხელლენტოვანი მზის ელემენტებია გამოყენებული, რომლებიც ისე განლაგდა, რომ ზემოდან დანახული, სწორედ პანდას გაგახსენებთ. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ლი იუანი ამბობს, რომ პანდას ფორმის პირველი მზის სადგურის მშენებლობა 350 მილიონი იუანი (დაახლოებით 52 მილიონი დოლარი) დაჯდა. 100 ასეთი სადგურის მშენებლობას კი 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.
ჰონგ-კონგური კომპანია ამჟამად დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს კანადასთან, იტალიასთან, ავსტრალიასთან და გერმანიასთან, რათა პანდას ფორმის უფრო მეტი სადგურის ასაშენებლად საჭირო დაფინანსება მიიღოს. რაც შეეხება ინიციატივა „ბელტ ენდ როუდს“, მისი მიზანი მთელ მსოფლიოში ახალი სავაჭრო კორიდორების, გზების, ენერგიის გადამცემი ხაზების, პორტების, მილსადენების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
საპროექტო გათვლების შესაბამისად, თითო 100-მეგავატიანი პანდას ფორმის სადგური, 25 წელიწადში დაახლოებით 3.2 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. თითო ასეთი სადგური, წლიურად 10 000 სახლის ენერგიით მომარაგებას შეძლებს.
ამჟამად „პანდა გრინ ენერჯი“ შანქსის პროვინციაში, სადაც ჩინეთის ქვანახშირის რეზერვების დაახლოებით მეოთხედია აკუმულირებული, მზის მეორე ელექტროსადგურს აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, თითო მზის სადგური, დაახლოებით 1.06 მილიონი ტონა ქვანახშირის ექვივალენტს დაზოგავს და ატმოსფეროს 25 წელიწადში დაახლოებით 2.74 მილიონი ტონა სათბურის ეფექტის მქონე აირისგან დაიცავს.
შანქსის პროვინვია 2020 წლამდე თავის ტერიტორიაზე 12 გიგავატი სიმძლავრის მზის სადგურების აგებას გეგმავს. ცნობისათვის, 2015 წელს იქ 1.13 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა.