სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე 21 716 382.97 ლარად ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ იყიდა. აუქციონი 24 ივლისს გამოცხადდა და 1 აგვისტოს დასრულდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განუცხადეს, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მომხმარებელთა „ენერგო პრო ჯორჯიას“ არეალში შესვლისა და „კახეთის ენერგოდისტრიბუციაზე“ გაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია. წარმოებების დასრულების ბოლო ვადა 31 აგვისტოა.
რა იცვლება აღნიშნული გარიგებით ბაზარზე, რამდენად დადებითად აისახება მომხმარებელზე, შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ 133 556 მომხმარებლისთვის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ენერგეტიკოსს თემურ ჭიჭინაძეს ესაუბრა.
მისი განმარტებით, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტებისთვის საკუთარი ტარიფის გავრცელებას „ენერგო პრო ჯორჯია“ დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, რადგან ამისთვის მარეგულირებელი კომისიის დასკვნაა საჭირო.
„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ისედაც მაღალი და შეუსაბამო ტარიფები აქვს, ჩვენ კი ტარიფების გადახედვის ნაცვლად, მონოპოლიის კიდევ უფრო გაძლიერებას ვუწყობთ ხელს. დღეს ბაზარზე ორი მონოპილისტია - „თელასი“, რომელიც თბილისის ენერგეტიკულ მომსახურებას უზრუნველყოფს და „ენერგო-პრო“, რომელიც საქართველოს მასშტაბით გენერაციასაც ფლობს და დისტრიბუციასაც. შესაბამისად, მისთვის „კახეთის ენერგოდისტიბუციის“ მიყიდვა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამით მისი მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ უფრო იზრდება. იმის ნაცვლად, რომ ასეთი მონოპოლისტების დაშლა ხდებოდეს, სახელმწიფო პირიქით ხელს უწყობს მონოპოლიური წარმონაქმნის გაძლიერებას,“-აღნიშნა ჭიჭინაძემ.
შეეცვლებათ თუ არა კახეთის ენერგოდისტრიბუციის აბონენტებს ტარიფი, ამაზე „ენერგო-პრო-ჯორჯიაში“ არ საუბრობენ. „სემეკ“-ში კი აცხადებენ, რომ ტარიფებზე ჯერჯერობით ცნობილი არაფერია და მანამდე ადმინისტრაციული წარმოებები და სამართლებრივი საკითხები უნდა მოგვარდეს.
რაც შეეხება კომპანიათა ტარიფებს, ამ დროისათვის „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო ტარიფები ასეთია : 0-დან 101 კილოვატ საათამდე - 12.954 თეთრი; 101-დან - 301 კვტ. საათამდე - 16.931 თეთრი; ხოლო 301-დან ზემოთ - 21.450 თეთრი. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის საყოფაცხოვრებო ტარიფები კი შემდეგნაირია : 0-დან 101 კვტ.საათამდე - 12.980 თეთრი, 101-დან 301 კვტ.საათამდე - 16.520 თეთრი; ხოლო 301 კვტ.საათზე მეტის შემთხვევაში - 17.499 თეთრი.
ცნობისთვის, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გასაყიდად აუქციონი წინა თვეში ორჯერ გამოცხადდა. 3 ივლისს გამოცხადებულ აუქციონზე, რომელიც უშედეგოდ დასრულდა კომპანია 27 279 500 ლარად იყიდებოდა.
ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2003 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან კი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რაც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპმა“ შეიძინა. თუმცა, ,,ახემა-გრუპის“ მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, 2011 წელს მის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა.
როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარის დავალიანება აქვს. დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება „ენერგო-პრო-ჯორჯიას“, გენერაციის გარდა ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელია. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კვ. კილომეტრს (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%-ს) და 1 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.