ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „გრინ-ქარდის“ ლატარეის შემცვლელი კანონპროექტი დაანონსა. დონალდ ტრამპმა იმიგრანტებისთვის ჯერ კიდევ 1990 წლიდან მოქმედი გათამაშების სისტემის ცვლილება წარმოადგინა. ე.წ. „მწვანე ბარათის“ ნაცვლად პრეზიდენტი აპირებს წარმოადგინოს ახალი კანონპროექტი სახელწოდებით The RAISE, რომელიც მუშახელის კვალიფიციურობაზე დაყრდნობით ახალ მექანიზმს გვთავაზობს.
როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათვქამი, ახალი კანონპროექტის პრეზენტაციაში თავად პრეზიდენტის გარდა, მონაწილეობა მიიღეს სენატორებმა ტომ კოტონმა და ტომ პარდიუმ. პრეზენტაციისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ახალი სისტემა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ცვლილება საიმიგრაციო კანონში, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისი თქმით, ახალი სისტემა შეარჩევს კანდიდატებს „დამსახურების საფუძველზე“, რაც მისივე აზრით დაიცავს ამერიკელ დასაქმებულებს და მოსახლეობას.
“‘წლების განმავლობაში აშშ-მა გამოიყენა საემიგრაციო სისტემა, რომელიც ორიენტირებული იყო არაკვალიფიციურ მოხელეებზე და გასცა რეკორდული რაოდენობის „გრინ-ქარდი“ დაბალანაზღაურებად მიგრანტებზე. ამ პოლიტიკამ მოიტანა ძლიერი წნეხი ამერიკელ მუშახელზე, გადასახადის გადამხდელზე და საზოგადოებრივ რესურსებზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი განცხადებით, ახალ სისტემას ექნება კონკურსის სახე და „მწავნე ბარათის“ მოპოვებისთანავე მიგრანტები ვერ გახდებიან სამსახურის უპირობო მაძიებლები, ხოლო ამერიკელების ხელფასები გაიზრდება არაკვალიფიციური მუშახელის შემცირების ხარჯზე.
კოკა კვირკველია