”საქართველოს რკინიგზას” საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტები სტუმრობენ. ფრანგი სპეციალისტები TAIEX (Technical Assistance Information Exchange) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, ”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებს ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
ფრანგი და ქართველი რკინიგზელების ძირითადი განხილვის თემა 34-ე ევრო-დირექტივაა, რომელიც რკინიგზის სტრუქტურულ რეფორმას ეხება.
საფრანგეთის რკინიგზის მაღალჩინოსანთა და ”საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენელთა შეხვედრები ორმხრივი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.
”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები კონსულტაციებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის - საფრანგეთის რკინიგზის წარმომადგენელებისაგან იღებენ. აღნიშნული მისია, გამოცდილების გაზიარების შედეგად, ახალ სტრუქტურაზე გადასვლას ისახავს მიზნად.
”საქართველოს რკინიგზის” კოოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ იკისრა ვალდებულება, ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს ევროპული დირექტივები და რეგულაციები.
”ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, TAIEX -ის გრანტის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ საფრანგეთის რკინიგზის წამყვანი ექსპერტები და მათ გაგვიზიარონ ევროდირექტივების დანერგვის თვალსაზრისით გამოცდილება. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ იკისრა ვალდებულება ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს ევროპული დირექტივები და რეგულაციები. მათ შორის, სამი რეგულაცია რკინიგზას ეხება, საერთო ჯამში 8 ნორმატიული აქტი არის დასანერგი. უკვე სამი დღეა მიმდინარეობს ეს ვორქშოპი. ეძღვნება ძირითადად 34-ე დირექტივის საინტერესო საკითხებს, ასევე ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ ე.წ. მეოთხე სარკინიგზო პაკეტის ცვლილებებს. ჩვენ ამ დირექტივის დანერგვა გვიწევს 2021 წლისთვის”, - განაცხადა უფროსის აკაკი საღირაშვილმა.
მისივე თქმით, ექსპერტებმა პირველი ორი დღე დაუთმეს რკინიგზაში სიტუაციის შესწავლას, როგორც საკანონმდებლო ასევე სტრუქტურულ დონეზე და იმ განსხვავებებს, რაც ევროპულ რეგულაციებსა და საქართველოში არსებულ ვითარებას შორისაა.
როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე კონკრეტულ რეკომენდაციებს მიეძღვნა.
როგორც ფრანგმა ექსპერტმა ფრედერიკ პარდემ აღნიშნა, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რთული პროცესია, თუმცა საინტერესო სამუშაოა.
”მსოფლიო გლობალური ხდება. ყველა კომპანიამ და ორგანიზაციამ ახალ რეალობებთან უნდა მოახდინონ ადაპტირება. არსებობს ფანტასტიური შესაძლებლობები, რომ კომპანია საერთაშორისო დონეზე გავიდეს, თუმცა, ეს იოლი არაა. ამას დრო სჭირდება. ჩვენ საფრანგეთში საამისოდ 20 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ავუხსენით, რომ საერთაშირო ბაზარზე გასვლა რთული პროცესია, თუმცა საინტერესო სამუშაოა”, - განაცხადა ფრედერიკ პარდემ.