დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფელი , საიდანაც 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად საქართველოში დამატებით 17,833 ოჯახი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი აირით.
„საქართველოს მთავრობამ შეისწავლა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 74 სოფელში მცხოვრები ოჯახების გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოიყოფა.
განკარგულების მიხედვით გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შემდეგ სოფლებში იგეგმება: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: დისველის, ტანძიას, აკაურთას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის და იწრიას. ასევე, სოფლების: მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთის და გეტას; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა დმანისის; გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, სკრას და უფლისციხის, სოფელი ახალხიზას, სოფელი ხიდისთავის; ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა გორას და ზედა ბზვანის; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ალავერდის; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონას; თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფშაველის, ლალისყურის და ლაფანყურის; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: დავითიანის, შეერთებას, ქვემო გურგენიანის, ზემო გურგენიანის, ზემო ხიზას და ხიზაბავრას; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელიანის და დოესის, გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესას და ქვემო და ზემო ჩიბათის; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდის; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ასკანას; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უჯარმას; სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფელის და ნოსირის. ასევე, სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტას და ქვედა სორტას; მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკისციხეს; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს“, - აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.
„შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა 20 მილიონი ლარით აფინანსებს გაზიფიცირების სამუშაოებს. მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაგეგმილია 34 სოფელში, სადაც ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 ათას ოჯახს მიეცემა.
2013-2017 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. ასევე, 2014-2015 წლებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე