თბილისის ზღვაზე შესაძლოა, მცირე ჰესი აშენდეს. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას და შპს „აქუა ენერჯი ჯორჯიას“ შორის „თბილისის ზღვის ჰესის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, საუბარია ძალიან მცირე, ნახევარ-მეგავატიან ჰესზე და ის შესაბამისი კვლევის შემდეგ აშენდება.
”ეს არის მხოლოდ კვლევის მემორანდუმი. ექვსი თვის შემდეგ მათ უნდა მოიტანონ კვლევები და ამის შემდეგ მოხდება განხილვა, მიზანშეწონილია თუ არა მანდ ჰესის აშენება“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.