მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ოქროს ფასი 7-კვირიან მაქსიმუმს მისწვდა, კლება დაიწყო და ამჟამად შედარებით დასტაბილურდა. ამ კვირაში საფონდო და სავალუტო ბაზრების მთავარი სტატისტიკა, შეერთებული შტატების შრომის ბაზრის მდგომარეობას გვამცნობს. მის გამოქვეყნებამდე კი ინვესტორები ზედმეტ აქტივობას გაურბიან.
„კომექსზე“ ოქროს აგვისტოს ფიუჩერსი ტროას უნციაში 1 261.11 დოლარი იყო, ანუ 10.60 დოლარით და 0.8 პროცენტით ნაკლები წინა სესიის დახურვასთან შედარებით. უფრო ადრე, ფასმა 1 273.30 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 7 კვირის მაქსიმუმია. ამის შემდეგ დაცემა იმის მაუწყებელია, რომ აღმასვლა „გადაიღალა“ და მყიდველები „გაგრილებას“ საჭიროებენ.
ყვითელ მეტალზე მოთხოვნას უპირატესად ის გარემოება განაპირობებს, რომ სულ უფრო მეტი ინვესტორის და ანალიტიკოსის აზრით, ფედრეზერვი წელს დოლარზე განაკვეთს მესამედ აღარ აწევს. ამის მიზეზი აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაა. ამავდროულად, ქვეყანაში კვლავაც ერთგვარი პოლიტიკური გაურკვევლობაა. ამ დროს ოქროზე, როგორც რისკებისგან თავშესაფარ აქტივზე, მოთხოვნა გაზრდილია.
შრომის ბაზრის ოპტიმისტურ სტატისტიკას, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდება, ინვესტორთა განწყობის შეცვლა შეუძლია. ამ შემთხვევაში, გაიზრდება ფედრეზერვის მიერ დოლარზე განაკვეთის მესამედ აწევის ალბათობა და შესაბამისად, ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა.