თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ის თანამედროვე, სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდება - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის ურბანული განვითარების გზებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც "ქართული ოცნებიდან” იუწყებიან, პარტიის მერობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ თითოეულ გაცემულ ნებართვასა და დამტკიცებულ პროექტზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი, ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე.
„წლებია თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია; არ ჰქონია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის გეგმა; არ ჰქონია თბილისის ვიზუალური მხარის, არქიტექტურული უნიკალურობისა და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხედვა. ასეთია ჩვენი, სულ მცირე ბოლო 25-წლიანი მემკვიდრეობა და თუ გნებავთ, დანაშაულიც კი. ჩვენი გუნდი აპირებს ერთობლივად, კომპლექსურად, ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაში ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო უსაფრთხოების ნორმებსა და ხარისხს, არამედ არქიტექტურულ გემოვნებას და ქალაქის ერთიან სტილს.
„ქალაქი, ეს არის ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანივით ცოცხლობს და ამიტომ, სიცოცხლისთვის აუცილებელმა კომპონენტმა საათის მექანიზმივით, უნისონში აწყობილად უნდა იმუშაოს“, - აღნიშნავს თბილისის მერობის კანდიდატი.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის განაშენიანება და განვითარება ჰარმონიული იქნება. „გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი თანამედროვე, რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე, ერთიანი ძალიხმევით შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.