საქართველოში დიდი რაოდენობით ყურძენი, ატამი, ვაშლი და მანდარინი მოჰყავთ, რომელთა რეალიზაციაც ფერმერებს ხშირად უჭირთ, შესაბამისად , მათი ნაწილი ნელ-ნელა უფრო რენტაბელური პროდუქტების მაგალითად, მოცვის წარმოებაზე გადადის.
მოცვი ამჟამად ძირითადად, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის ტერიტორიაზეა გაშენებული. ევროპის ქვეყნებში ერთი კილოგრამი მოცვის საექსპორტო ღირებულება დაახლოებით, 3-5$-ის ფარგლებში მერყეობს. გურულმა ფერმერმა, ზვიად მირიანაშვილმა, სამ პარტნიორთან ერთად, გადაწყვიტა, მოცვის წარმოება ბიზნესად ექცია, შესაბამისად, 2015 წლიდან საქმიანობისთვის ნიადაგის მომზადება დაიწყო და ნერგები როგორც საქართველოში, ისე ამერიკასა და საფრანგეთში შეიძინა, რათა დაკვირვების საფუძველზე დაედგინა, რომელი მათგანია ეკონომიკურად უფრო გამართლებული.
"2016 წლის გაზაფხულიდან ბაღი ჯერ 10 ჰექტარზე გავაშენეთ, თუმცა წარმოების გაზრდას ვგეგმავთ და 2018 წლისთვის უკვე 20 ჰექტარი ბაღი გვექნება. საერთოდ, მოცვი კომერციულ მოსავალს მესამე წლიდან იძლევა, რადგან მანამდე შესაბამისი მოვლა უნდა, ამიტომ ჯერჯერობით სატესტო მოსავალი, დაახლოებით 5 ტონამდე ავიღეთ. მოსავალი ერთ-ერთ ექსპორტიორ კომპანიას 1 კილოგრამზე დაახლოებით, 6-7 ლარად მივყიდეთ,"- განმარტავს მირიანაშვილი და დასძენს, რომ მოცვის ნერგები საქართველოში, კერძოდ, აჭარის ლაბორატორიაშიც გამოყავთ, რომელთა შეძენაც აქვე შეგიძლიათ.
ზვიად მირიანაშვილის თქმით, 1 კილოგრამი ხარისხიანი წელს მოცვი ჰიპერმარკეტებში დაახლოებით, 18 ლარი ღირდა, შესაბამისად, პროდუქტი საკმაოდ მომგებიანია.
"ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაცია შედარებით გართულდება, რადგან მოსახლეობას დიდი ინფორმაცია არც მოცვის სასარგებლო თვისებებზე აქვს და სავარაუდოდ, ბევრი მათგანი მის შესაძენად ამხელა თანხას ვერ გადაიხდის.
"მოცვი მოკრეფიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა გაიყიდოს, რომ არ გაფუჭდეს
ჩვენი ბაზარი დიდი მოცულობის პროდუქციისთვის ჯერ მზად არ არის. საექსპორტო ფასი ჯერჯერობით, არ დაიწევს, შესაბამისად, ნაწილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადატანა მოხდება, საქართველოში ისეთ მოცვს გავყიდით, რომელიც საექსპორტო სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს და ფასიც შესაბამისი იქნება,"- აღნიშნავს ზვიად მირიანაშვილი. განაგრძეთ კითხვა