ფეხბურთის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა კლუბ „ბარსელონას“ მისი დატოვების სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაუხადა. როგორც კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუთშაბათ საღამოს ნეიმარის იურისტებმა ფეხბურთელის თანხმობით განახორციელეს ტრანზაქცია 222 მილიონი ევროს ოდენობით, რის შედეგადაც კლუბი წყვეტს კონტრაქტს ფეხბურთელთან.
მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბი უარზე იყო ფეხბურთელის გაშვებაზე
პარიზულ კლუბში, თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელის სურვილს საბოლოოდ დათანხმდა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ნეიმარმა პარიზულ კლუბთან „პსჟ“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არხის ინფორმაციით, ნეიმარის ტრანსფერის სრული ღირებულება 500 მილიონი ევრო დაჯდა, აქედან 222 „ბარსელონასთვის“ გადახდილი თანხაა, ხოლო თავად ფეხბურთელი ყოველწლიურად 30 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს მიიღებს.
თავის მხრივ ნეიმართან კონტრაქტის გაფორმებაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა „პარი სენ ჟერმენმა“. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩანაწერიც გაჩნდა: „პარი სენჟერმენი ძალიან გახარებულია გამცნოთ ნეიმარ უმცროსის კლუბში მოსვლა. ნეიმარ უმცროსი საფრანგეთის დედაქალაქში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.“
კოკა კვირკველია