ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობი თითქმის 12%-ით გაძვირდა. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საქართველოში ჯერჯერობით ფასის მატება მხოლოდ საბითუმო ქსელზე აისახა, თუმცა ღირებულების მუდმივი ზრდის გამო უახლოეს მომავალში ნავთობპროდუქტებზე ფასის მატება საცალო ქსელშიც მოხდება.
მსოფლიო ბაზარზე ”ბრენტის” ტიპის ნავთობი ბოლო პერიოდში მუდმივად ძვირდება. 1 ბარელის ღირებულება ორთვიან შუალედში 47 დოლარიდან 53 დოლარამდე გაიზარდა. ნავთობიმპორტიორთა ნაწილი ამბობს, რომ ცვლილება ნაწილობრივ უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე და საბითუმო ქსელში. 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ 10 თეთრით მოიმატა. მუდმივი ზრდის ტენდენციის გამო, სავარაუდოდ, ფასი საცალო ქსელში მოიმატებს.
იმპორტიორების მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ლარის კურსი დოლარის მიმართ სტაბილურია. საერთაშორისო ფასიც ”პლატცის” მიხედვით მკვეთრად არ იცვლება, ამიტომ უახლოეს პერიოდში საწვავის ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდება.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ამჯერად ნავთობის ფასის მატება უკავშირდება აშშ-ში სტრატეგიული მარაგის შემცირებას, ქართულ ბაზარზე კი ასეთი ცვლილება ჯერჯერობით გავლენას ვერ იქონიებს.
”ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 2-თვიან მაქსიმუმზეა. დღეისათვის ლონდონში ”ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა 52.50 დოლარს გადააჭარბა, ივნისის ბოლოს კი ფასი მერყეობდა 47-51 დოლარის ფარგლებში.
ნავთობი ძვირდება იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა პროგნოზი 2017-2018 წლებში ნავთობის საშუალო ფასთან დაკავშირებით 51-52 დოლარის ოდენობით 1 ბარელზე, რაც 3 დოლარით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.
ამჯერად ნავთობის ფასის ცვლილება უკავშირდება აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპეკისა და ოპეკის არაწევრი რიგი ქვეყნების შეთანხმება, რომელიც ეხება ნავთობის მოპოვების შემცირებას, მეტ-ნაკლებად სრულდება, მივიღებთ გაძვირების რეალურ სურათს.
დისბალანსი, რომელიც არსებობს ნავთობის მიწოდება-მოთხოვნას შორის ოპეკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ნელ-ნელა ბალანსდება. სამომავლო პროგნოზისგან ყველა თავს იკავებს, ვინაიდან ნავთობის წარმოება აშშ-ში კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, რაც ხელს უშლის ნავთობის ფასის სტაბილიზაციას და მის მკვეთრ მატებას.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, იმის გათვალისწინებით, რომ ლარის კურსი დოლარის მიმართ სტაბილურია და, ასევე, საერთაშორისო ფასი ”პლატცის” მიხედვით მკვეთრად არ იცვლება, უახლოეს პერიოდი საწვავის ფასი სტაბილურობას შეინარჩუნებს”, - განუცხადა ”რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა.
სხვაგვარად უყურებს საკითხს ”სენტა პეტროლეუმის” დამფუძნებელი და დირექტორი ზაალ იაკობიძე. მისი ინფორმაციით, მატება უკვე შეინიშნება საბითუმო ბაზარზე და მომავალში ფასი საცალო ქსელშიც დაკორექტირდება.
”ცნობილი ფაქტია, როგორც კი საერთაშორისო ბაზარზე ხდება გაძვირება, საქართველოშიც იზრდება ფასი რაღაც პერიოდის შემდეგ. ამ შემთხვევაშიც, რადგან მატების ტენდენცია აშკარა და გამოკვეთილია, ეს აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებას ჩვენთანაც. ზოგან უკვე ასეცაა. იაფი მარაგის ამოწურვის შემდეგ ფასის ზრდას მასშტაბური ხასიათი ექნება.
რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, ის მყისიერად რეაგირებს უცხოური ბირჟების მერყეობაზე. საქართველოში მოქმედ საბითუმო ბაზარს ეს ფაქტორი უკვე შეეტყო, დაახლოებით 1M თეთრით გაიზარდა ბენზინისა და დიზელის ღირებულება. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, საცალო ქსელში ფასების კორექტირება იქნება”, - განუცხადა ”რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი ”რეზონანსი”