ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია ”სითი პარკის” ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია ”სითი პარკის” ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს, რომელიც ”თბილისის მიკროავტობუსის” მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

როგორც ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერიასა და მაქაცარაიას შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ამ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარე თვეში იგეგმება.

ელისაშვილის თქმით, ”სითი პარკის” საკომპენსაციო 25 მილიონ ლარსაც სწორედ მაქაცარია გადაიხდის.

ელისაშვილი აღნიშნულ მოლაპარაკებებს უარყოფითად აფასებს და დედაქალაქის საპარკინგო კომპანიის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას მოითხოვს.

"ჩემი პირველი გადაწყვეტილება იქნება ”სითი პარკის” ქალაქიდან გაშვება. ”ქართული ოცნება” ცდილობს შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც არის ”თბილისის მიკროავტობუსის” მფლობელი. ამ გარიგებით, ”სითი პარკს” ჩაანაცვლებს მისი კომპანია. ”ქართული ოცნება” აპირებს ეს გარიგება წარმოაჩინოს, როგორც ერთ-ერთი დიდი გამარჯვება. ყველამ კარგად ვიცით ხვიჩა მაქაცარია რა სერვისს სთავაზობს თავისი კომპანიის სახით და რა დღეში აგდებს კაბალური ხელშეკრულებებით მძღოლებს. ეს არის დაუშვებელი. მინდა გავაფრთხილო ხვიჩა მაქაცარიაც და ”ქართული ოცნებაც”, რომ ეს ბნელი და საეჭვო გარიგება აუცილებლად გაუქმდება. ჩვენი შეთავაზება და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ”სითი პარკის” გასვლის შემდეგ გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი",- განაცხადა ელისაშვილმა.