ლატარიის კომპანია: „1 სექტემბრამდე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს“

„ლოტო 6/36“-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება. ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებებში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.“-აღნიშნულია საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გათამაშებისას მომხმარებლებს მიეცემათ შანსი, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხების მფლობელები გახდნენ. კერძოდ, ზემოაღნიშნულ გათამაშებაში ლოტოს საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები გამარჯვებულ საპრიზო კატეგორიებზე გადანაწილდება და სრულად გათამაშდება.

როგორც „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ აცხადებენ, ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდგომ, საქართველოს ლატარიის კომპანია საქმიანობას შეწყვეტს.

მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ, ონლაინ - ebetting.ge-ს საშუალებით შეეძლებათ, ხოლო 30 აგვისტოდან - ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული.

„ლოტო 6/36“-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება.

რაც შეეხება მოგებული თანხების განაღდებას, „ლოტო 6/36“ ბოლო გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება 1-ლ ნოემბრამდე;

„ლოტო 6/36“-ში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია „ლიბერთი ბანკში“ და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში

მომგებიან ბილეთებში (გადასაფხეკი ბილეთები) მოგების განაღდება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 1-ლ ნოემბრამდე; გასათვალისწინებელია, რომ 100 ლარის ჩათვლით მოგებახვედრილი თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება ლატარიის კომპანიის ჯიხურებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სს ლიბერთი ბანკში და კომპანიის ბეთინგ ცენტრში, ხოლო 100 ლარზე მეტი თანხის - სს ლიბერთი ბანკში და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში“-აცხადებენ კომპანიაში