ბიტკოინის გაყოფის მიუხედავად, მისი ფასი 2 800 დოლარს ასცდა

იმის მიუხედავად, რომ 1 აგვისტოს ბიტკოინს ახალი კრიპტოვალუტა, ბიტკოინ ქეში გამოეყო, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა მაინც სტაბილური დარჩა, დღეს კი ზრდა განაახლა და 2 800-დოლარიანი ზღვარი გადალახა. ბევრი ანალიტიკური გამოცემა, ბიტკოინის გაყოფის შემდეგ, ციფრული ვალუტების ბაზარზე ქაოსს ვარაუდობდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ანალიტიკოსები ბიტკოინის მკვეთრ ვარდნას ელოდნენ, რაც გაყოფის შემდეგ, ციფრული ვალუტების ბაზარზე მოთხოვნის კლებას უნდა გამოეწვია. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც მიაჩნდა, რომ ბიტკოინ ქეში ალტერნატიული ციფრული ვალუტების (ე.წ. ალტკოინების) გრძელ სიას შეუერთდებოდა და ამიტომ, ბიტკოინის სიმყარეს ეს ვერ დააზარალებდა.

მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბაზარმა ბიტკოინისადმი არნახული ნდობა გამოავლინა. ამან ვალუტას სტაბილურობა შეუნარჩუნა, რამაც ინვესტორთა თავდაჯერება კიდევ უფრო გაზარდა. გაყოფის მომენტში, ბიტკოინის ფასი 2 750 დოლარი იყო, დღეს კი 2 800-იან ნიშნულს ასცდა და 2 832 დოლარი ღირს. უფრო მეტიც, ტექნიკური ანალიზი გვეუბნება, რომ ზრდა გაგრძელდება და ყველა დროის მაქსიმუმის განახლებას ეცდება.

ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბიტკოინის ფასი ზრდას აგრძელებს, ახლახან ამერიკის ბაზარზე დაფიქსირდა. CBOE-მ (აშშ-ში ოფციონებით მომუშავე ყველაზე დიდი პლატფორმა) პარტნიორული თანამშრომლობა დაიწყო საინვესტიციო გადაწყვეტების კომპანია „ჯემინისთან“, რისი მიზანიც, ბიტკოინის ფიუჩერსებით და ოფციონებით ვაჭრობის დამკვიდრებაა. ეს უზარმაზარი ნდობაა ბიკოინისადმი და იმის მანიშნებელია, რომ ეს და სხვა ციფრული ვალუტები სამუდამოდ დარჩებიან ბაზარზე.

CBOE წლიურად მილიარდობით დოლარის ოპერაციებს ახორციელებს. მის სტრუქტურაში ბიტკოინის შესვლა კი ამ ვალუტისადმი ნდობის გამოცხადებაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება მისი იმ ინვესტორთაგან აღიარება, რომლებიც ციფრული ვალუტებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქმეში CBOE-ს ჩართვით, სულ უფრო გახშირდება ბიტკოინებზე მსხვილი გარიგებები, რაც ამ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.