ქართლში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები მეწარმეებს გააცნეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართლში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები, ქართველ ღვინის მწარმოებლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გააცნო.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 15 ნიმუში შემდეგი პარამეტრებით შეფასდა - შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება. საუკეთესოებად ცივვაზი, ქიშური, ჩინური და გორული მწვანე დასახელდა.
”სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. აღნიშნულ ბაზაზე ყოველწლიურად, ნაკლებად შესწავლილი 70-მდე ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს, - ნათქვამია ინფორმაციაში.