კომპანია RMG-მ თეთრიწყაროში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გამართა. როგორც RMG-ის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტის ფარგლებში კომპანია 2018-2022 წლებში 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
მათივე თქმით, ყველა საჭირო ლიცენზიისა და ნებართვის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებმა საფუძლიანად შეისწავლეს თეთრიწყაროს რაიონში სამუშაოების განხორციელების მიზნით შერჩეული ტერიტორიის ისტორია და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საკითხები.
როგორც RMG ჯგუფში გაერთიანებული კავკასიის სამთო ჯგუფის გენერალური დირექტორმა ჯონი შუბითიძემ განაცხადა, RMG-ის თეთრიწყაროს პროექტის პრიორიტეტად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განსაზღვრული აქვს საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებები. მისივე თქმით, პროექტის განხორციელების პერიოდში იგეგმება გარშემო მდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება.
„პროექტის მიზანია, საზოგადოებამ თავიდანვე იცოდეს, თუ რა მასშტაბის სამუშაოები და ინვესტიციები იგეგმება შემდეგში. დაახლოებით ხუთი წლის მანძილზე 30 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება და ეს მოიცავს არა მარტო გეოლოგიურ სამუშაოებს და კვლევებს, არამედ თვითონ წარმოების განვითარებას და მადნის დამუშავებას. გარდა ამ ინვისტიციებისა, საგულისხმოა ის, თუ რა სოცილური პასუხისმგებლობა ექნება კომპანიას. ეს არის მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის, გზებისა და ელექტროფიკაციის მოწყობა, 500-მდე ადამიანის დასაქმება, რომელიც ამ პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, აბსოლუტურად რეალურია. რაც მთავარია, ჩვენ ვაპირებთ, სამთო სამუშაოებისა და წარმოების დაწყებამდე, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსზე მასშტაბური კვლევების ჩატარებას, რომ ვნახოთ რა მდგომარეობაშია, რეალურად რა გარემოა მის გარშემო და წარმოების პროცესში დავაკვირდეთ შეიცვლება თუ არა ეს გარემო. მე ვფქირობ, იმ გამოცდილებით, რაც კომპანიას აქვს, იმ კვლევებით, რომელიც უკვე ჩატარებულია, არ ჰქონდეს საზოგადოებას ეჭვი, რომ წარმოების, ისტორიული ძეგლებისა და გარემოს თანაცხოვრება შესაძლებელია. ბიზნესი უნდა განვითარდეს ადამიანებისა და ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენ ღიად წარვადგინეთ კომპანიის სამომავლო გეგმები და დაინტერესებულმა საზოგადოებამ ყველა დეტალზე მიიღო ინფორმაცია“,-განაცხადა ჯონი შუბითიძემ.