ივლისში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი გაიზარდა

ზედიზედ მესამე თვეა, სურსათზე გლობალური ფასები იზრდება, რასად მარცვლეულის, შაქრისა და რძის პროდუქტის გაძვირება განაპირობებს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალ შემდეგ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეულ ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე. ივლისის თვეში ინდექსმა 179.1 ქულა შეადგინა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის იანვრის შემდეგ და 2.3%-ით მეტია ივნისის ინდექსზე.

FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა ივლისის თვეში. ინდექსი თანაბრად მზარდი იყო ბოლო 3 თვის მანძილზე და შესაბამისად იზრდებოდა ხორბლისა და ბრინჯის ფასებიც. ხორბლის ღირებულება ყველაზე საგრძნობლად ივლისში გაიზარდა, რაც განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკაში ცხელმა და მშრალმა გაზაფხულმა, ბრინჯის ფასზე კი არატენიანმა ამინდებმა იმოქმედა. ამავდროულად, სიმინდის ფასი სტაბილური დარჩა.

FAO-ს რძის ფასის ინდექსმა გასულ თვეში 3.6%-ით მოიმატა, რაც კარაქზე, ყველსა და რძის ფხვნილზე გაზრდილმა ფასმა განაპირობა. კარაქის ვიწრო საექსპორტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისმა ფასმა მაღალ ნიშნულს მიაღწია, რამაც გაზარდა ფასთა სხვაობა კარაქსა და რძის სხვა პროდუქტებს შორის. FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი ივლისში 5.2 პროცენტით გაიზარდა და პირველი გაძვირება დააფიქსირა იანვრის შემდეგ. ამის ძირითადი მიზეზი ბრაზილიაში ფასების მატება გახდა. მიუხედავად ფასის ინდექსის გაზრდისა, შაქრის ფასი ივლისში მაინც 26%-ით ნაკლები იყო 2016 წლის ივლისთან შედარებით. FAO-ს მცენარეული ფასის ინდექსი 1.1 პროცენტით დაეცა და 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე შეჩერდა. რაც შეეხება FAO-ს ხორცის ფასის ინდექსს, ის უცვლელი დარჩა. ცხვრის ფასის მატებამ, მსხვილფეხა პირუტყვზე, ღორებსა და შინაურ ფრინველებზე შემცირებული ფასები დააბალანსა.