საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დოკუმენტების ელექტრონული აღრიცხვის ახალი სისტემა დაინერგება , - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობისას განაცხადეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა ღონისძიების დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას. მათ, ასევე სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მედიკოსების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული 5000 ლიცენზია გორის სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო დოკუმენტების საერთო სტანდარტებით ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო სერვისების დახვეწის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმსა და ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის აშენების შესახებაც გაამახვილა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ „ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის“ დანერგვა 2016 წელს დაიწყო. დავით სერგეენკომ განმარტა, რომ ამჟამად პაციენტების სამედიცინო ისტორიების ელექტრონულად წარმოებისათვის საერთო სტანდარტი მზად არის და ამ სისტემის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას უზრუნველყოფს.