არავინ იცის, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი და რამდენი ხანი დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას... გაჭიანურებული სასამართლო პროცესები დამღუპველია ბიზნესისთვის.
სასამართლოში გაჭიანურებული ბიზნესდავები კერძო სექტორისთვის უკვე წლებია მოუგვარებელ პრობლემად იქცა. ბიზნესისთვის დრო ფულია, ფული კი, რომელზეც ბიზნესი სასამართლოში დაობს, ხშირად დაუსრულებული პროცესების გამო მცირდება ან საერთოდ იკარგება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს. ამ დავებზე 4 მოსამართლე იმუშავებს და სანივთო, სამეწარმეო, გაკოტრებისა და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს განიხილავენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობაში ნათქვამია ისიც, რომ ახალშექმნილი კომერციული დავების სპეციალიზაციის მოსამართლეები ტრენინგებს გაივლიან. ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სიახლე მხოლოდ პრობლემების მცირე ნაწილს მოაგვარებს.
როინ მიგრიაული, სამართლის დოქტორი: "კომერცია ფულია, ფული კი მნიშვნელოვანი აქტივია, რომელსაც გაფრთხილება უნდა. გამომდინარე აქედან,
რაც უფრო დიდხანს აჭიანურებენ საქმეებს, ფულიც მეტად უფასურდება. ამიტომ, ბუნებრივია, კომერციულ სუბიექტს აინტერესებს, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს დავა და ამასთან, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
დღეს, როცა ათასზე მეტი საქმე აქვს თითოეულ მოსამართლეს განსახილველი, კომერციული კატეგორიის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქნებიან სპეციალიზებული მოსამართლეები, რომლებსაც გარკვეული სპეციფიკის საქმეები დაეწერებათ განსახილველად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარების მხოლოდ მცირე ნაწილია. მეორე ნაბიჯი, რომელიც იუსტიციის საბჭომ უნდა გადადგას, თანხის ზღვრის მოხსნაა. რა მნიშვნელობა აქვს, რა თანხაზე დაობს ბიზნესი, კომერციული და საინვესტიციო დავები ყველა შემთხვევაში სპეციალიზებულმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ".
ივა ჭყონია, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე: "როცა გავეცანი ინფორმაციას, რომ კომერციული დავები ცალკე განიხილება, მითითებული იყო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე მოხდა. ნამდვილად ვერ გეტყვით, ვისთან გაიარეს კონსულტაცია. მე ძალიან ახლოს ვტრიალებ ბიზნესსექტორთან, არა მხოლოდ დისტრიბუციასთან, არამედ მეწარმეებთან, ინვესტორებთან და არ მსმენია, რომ ასეთი ცვლილება იგეგმებოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, პირიქით, ძალიან კარგია, მაგრამ ბიზნესთან მჭიდრო კონსულტაციების ფონზე თუ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მაშინ 500-ათას ლარიანი ზღვარი არ დაწესდებოდა. საიდან მოიტანეს ეს ზღვარი?
კარგი იქნება, რასაც იტყვიან, საქმედ აქციონ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა კერძო სექტორში და წლებია, მთავრობისგან გვესმის, დავეხმაროთ წვრილ და საშუალო ბიზნესსო. წვრილი და საშუალო ბიზნესი რომ 500-ათასლარიან ზღვარს მიღმა დარჩება, ალბათ, ადვილი მისახვედრია.
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს გაცილებით ნაკლებ თანხაზე წარმოქმნილ დავებს და ისინი ცალკე უნდა გამოიყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, მოსამართლეებს დრო გამოუთავისუფლდეთ და თუ დღეს ათასი საქმე აწერიათ, დაეწერებათ 10-15 საქმე და წლობით გაგრძელებული კომერციული დავები გონივრულ ვადებში გადაწყდება.
დღეს ყველაზე მეტი პრობლემა ამ თვალსაზრისით სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს. ერთ-ერთ ბოლო მაგალითს მოგიყვანთ: სადისტრიბუციო კომპანიას მაღაზიასთან თანხის ამოღების პრობლემა შეექმნა. არაერთხელ სცადეს ფულის მიღება მოლაპარაკების გზით, წერილობითაც მიმართეს, რომ თუ თანხას დროულად არ გადაიხდიდნენ, სასამართლოს მიმართავდნენ, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, ორივე მხარემ შესანიშნავად იცის, რომ დავის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის მიმართვა საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის.
ჯერ ერთი, არავინ იცის, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი და რამდენი ხანი დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას. კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლო განხილვა ერთ თვეში დაინიშნოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანიას გაუმართლა და სასამართლო განხილვა ერთ თვეში დაინიშნა, მაგრამ რად გინდა - პირველ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ივნისში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სხდომა სექტემბერში გაიმართოს. ამ დროს კომპანიის იურისტი ეუბნება მოსამართლეს, რომ სექტემბერში, შესაძლოა, ეს მაღაზია, ანუ მისი მევალე, აღარც ფუნქციონირებდეს, დაიკეტოს. ჯერ მხოლოდ აგვისტოა და ის მაღაზია უკვე დაიკეტა.
ათასობით ასეთი დავაა სასამართლოში, რაზეც მოქალაქეებს ბაჟის გადახდა უწევთ, ხოლო სადავო თანხები იკარგება. თუ მაღაზია დაიკეტა, ამ შემთხვევაში აღსრულების მექანიზმიც არ მუშაობს, რადგან მას ქონებაც აღარ აქვს, შენობაც ხშირად იჯარით აქვს აღებული. გაჭიანურებული სასამართლო პროცესები დამღუპველია ბიზნესისთვის. ერთი მეწარმე ამ საკანონმდებლო ხარვეზს თაღლითურად იყენებს, ხოლო მეორე ზარალობს. მხოლოდ სადისტრიბუციო ქსელში ლაპარაკია მილიონობით ლარის ზარალზე, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ედავებიან საცალო ქსელს. სამწუხაროდ, სასამართლო ვერ გვეხმარება და ვერც სამართლებრივად შესაბამისი ორგანოები თანხების ამოღებაში, ამიტომ მოდავე მხარეები ზოგჯერ საქმის მოსაგვარებლად არაკანონიერ გზებს ირჩევენ, არც კანონი და არც მართლმსაჯულება მათ სხვა გზას არ უტოვებს".
აკაკი ჩარგეიშვილი, ადვოკატი: "როცა სამართლებრივი სივრცე ბიზნესსუბიექტებს სათანადო ყურადღებას არ უთმობს, ინვესტორებს მუდმივად ექნებათ ჩვენს ქვეყანაში პრობლემები. კომერციული დავებისთვის საქალაქო სასამართლოში სპეციალური ორგანოს შექმნა მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მცდელობაა, მაშინ როცა პრობლემა უფრო მასშტაბურია. ბიზნესურთიერთობები მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ სასამართლოს, ისე სამოქალაქო სასამართლოს, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმეთა განხილვებს. აქედან გამომდინარე, 500 ათასზე მეტს იდავებენ ერთმანეთში პარტნიორები თუ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი. ეს, შესაძლოა, არის საქმის გაადვილება მოსამართლეებისა და სასამართლოსთვის და არა ბიზნესისთვის თუ ბიზნესურთიერთობებისთვის. თანხის ზღვარი არაფერ შუაში არ იყო, უნდა მოეფიქრებინათ ისეთი მექანიზმი, რომელიც ბიზნესდავებთან დაკავშირებულ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ხასიათის ურთიერთობებს დაარეგულირებდა.
სახელმწიფო და ბიზნესი უნდა დადგეს სამართლებრივად თანაბარ მდგომარეობაში, დღეს კი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ბიზნესთან შედარებით. თუ სახელმწიფო იწყებს ბიზნესთან დავას ან პირიქით, ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, უნდა არსებობდეს იმ სახის ურთიერთობები, რომლებიც დავას გადაწყვეტენ მაქსიმალურად მოკლე დროში - ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამ თვეში, და ყველაზე კარგ შემთხვევაში, 20 დღეში ან ერთი თვის განმავლობაში. ასოციაციაც არის შექმნილი კერძო არბიტრაჟებისთვის, მაგრამ ისინი, ძირითადად, რატომღაც მიბმული არიან სავალო ურთიერთობებზე. ძირითადად, განიხილება ბანკებთან დაკავშირებული კრედიტების თუ სხვა საკრედიტო ურთიერთობის საკითხები. თუკი ბიზნესს აქვს ერთმანეთთან სადავო, ასეთი საკითხები, როგორც წესი, კერძო არბიტრაჟში უფრო რეგულირდება, ვიდრე სასამართლოში. თუმცა, ბიზნესისთვის დავების დიდი ნაწილი მაინც არის საგადასახადო, ადმინისტრაციული, აგრეთვე რეესტრთან დაკავშირებული, ესენი კი არბიტრაჟის ქვემდებარე არ არის. როცა მიმართავ საჯარო რეესტრს და ვთქვათ, მან არასწორად მოახდინა რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში მხოლოდ საჯარო რეესტრთან დავა, შესაძლოა, 6-8 თვეს გაგრძელდეს. თუ ვერაფერს გახდი, უნდა წახვიდე სასამართლოში, სადაც პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენთვის უპირატესი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ ბიზნესთან და ბიზნესისთვის დაარეგულიროს ურთიერთობები. 500-ათასიანი სპეციალიზაციის შექმნა კარგია მოსამართლისთვის, იმიტომ, რომ არ დაეწერება იმდენი საქმე, რამდენიც დღეს აწერია. პირობითად, დღეს რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 1100-1200 საქმე აქვს თითო მოსამართლეს, შეუმცირდებათ რამდენიმე ათეულამდე, რითაც მოსამართლე იგრძნობს შვებას და არა ბიზნესი.
2004 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საგადასახადო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებდა საგადასახადო ურთიერთობებში არბიტრაჟის სქემას. მას მყისიერად მიმართა სააქციო საზოგადოება "თელასმა", მაშინ მას საგადასახადო დავა ჰქონდა სახელმწიფოსთან. სახელმწიფომ როგორც კი დაინახა, რომ ბიზნესი მაშინვე გარბის იქით, სადაც არბიტრაჟია და პრობლემის მოკლევადიანი გადაჭრის პერსპექტივა აქვს, მაშინვე შეუზღუდა ეს შესაძლებლობა. დღეს არბიტრაჟი მხოლოდ კერძო სავალო ურთიერთობებისთვის არსებობს. როცა სახელმწიფოს ასეთი ბერკეტი აქვს, ის მანიპულირებს, ძირითადად, დროულად გადაწყვიტოს თუ არა ესა თუ ის საკითხი.
გარდა ამისა, კერძო არბიტრაჟში კვალიფიკაციის პრობლემაც ისე მწვავედ არ დგას, როგორც სასამართლოში. არბიტრაჟში პრეტენდენტი მხარე თვითონ ირჩევს, ვინ უნდა, რომ მისი საქმის არბიტრი იყოს. ამიტომ კვალიფიკაციის საკითხი დადგება თუ არა, მის არჩევანზეა დამოკიდებული. სასამართლოს კი ამ ნაწილში დაბალი კომპეტენცია აქვს, მათ შორის ეკონომიკის, ფინანსების, გადასახადების, ინვესტიციების მიმართულებით. მაგალითად, ბიზნესისთვის მტკივნეული საკითხია მიწის რეგისტრაციის პროცესი. არადა, მოსამართლე მიწასთან დაკავშირებულ არც ერთ კანონს არ აბარებს, როცა მოსამართლე ხდება. ასევე არ იცნობენ მოსამართლეები სახელმწიფო-საპრივატიზაციო კანონმდებლობას. არც ერთ მოსამართლეს "კონკურენციის შესახებ" კანონი არ ჩაუბარებია სამოსამართლეო სტატუსის მოსაპოვებლად. არც ერთი ეკონომიკური ხასიათის კანონი ჩაბარებული არა აქვთ. შესაბამისად, არსებითია არა ის, თუ რა თანხაზე დავას გადაწყვეტს მოსამართლე, არამედ ის, თუ რამდენად კვალიფიციურ გადაწყვეტილებას მიიღებს".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: "კვირის პალიტრა"