2017 წლის 17-18 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზის ტრანსპორტირების და განაწილების ახალი ტარიფები დაადგინა : როგორც ”World Experience for Georgia” წერს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტარიფი 46.153 თეთრით განისაზღვრა, რაც ძველ მაჩვენებელს 0.534 თეთრით აღემატება. სს „საქორგგაზისა“ (57.011 თეთრი) და შპს „სოკარ ჯორჯია გაზსის“ ტარიფებმა კი (56.940 თეთრი) საშუალოდ 11-12 თეთრით მოიმატა.
ტარიფების ცვლილებების ზემოქმედების შეაფასება მოსახლეობის კეთილდღეობაზე შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე. მაგალითად, ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატის) მონაცემებით, საქართველოში ოჯახის საშუალო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი აქვს საკვებ პროდუქტებზე დანახარჯებს და ის 33-35%-ს შეადგენს. კომუნალური ხარჯების წილი მთლიან დანახარჯებში 11-12%-ია. ამაში იგულისხმება სახლის მოვლის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა სათბობის მოხმარების ხარჯები.
იგივე ევროსტატის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნალური ხარჯების წილი უფრო მაღალია: მონტენეგრო (15.2% - 2013წ), მაკედონია (14.7% – 2013წ), სერბეთი (22.9% - 2012წ), კოსოვო (30% - 2013წ) და თურქეთი (25.8% - 2012წ). აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის ხარჯებში კომუნალური ხარჯების წილი კი ასე გამოიყურება:
როგორც დიაგრამა 1-დან ჩანს, ევროკავშირსა და ევროზონაში მოსახლეობის ხარჯებში ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა კომუნალური ხარჯების წილი 15%-დან 30%-მდე მერყეობს (მალტის გამოკლებით). ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კი არის 24.4 %. საქართველოში ეს წილი დაახლოებით ორჯერ ნაკლებია საშუალო ევროპულზე.
ევროსტატის მონაცემებს ეთანხმება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემები, სადაც ცალ-ცალკე განიხილება სოფლის და ქალაქის მოსახლეობა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ქალაქში ერთი ოჯახი ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე თავისი დანახარჯების საშუალოდ 12%-ს ხარჯავს, სოფელში კი - 10%-ს. ეს მონაცემები მეტნაკლებად სტაბილურია ბოლო ათწლეულის მანძილზე.
ზემოთ მოყვანილ მონაცემებში არ არის ცალკე გამოყოფილი ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას 2014 წელს USAID-ის პროგრამით განხორციელებული კვლევები, სადაც გამოკითხულ იქნა დაახლოებით 1200 ოჯახი. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში გაზისა და ელექტროენერგიის დანახარჯების წილმა საშუალო ოჯახის ხარჯების 6.3 % შეადგენდა, საიდანაც ელექტროენერგიაზე მოდიოდა 2.3%, ხოლო გაზზე 4%. თბილისში საშუალო მაჩვენებელი იყო 8.3%, შესაბამისად 3.4% ელექტროენერგიისა და 4.9% გაზის წილით. სხვა ქალაქებში ჯამური წილი იყო - 4.7%, საიდანაც 1.8% - ელექტროენერგიაზე, ხოლო 2.9% გაზზე მოდიოდა. აღნიშნული კვლევა არ ეწინააღმდეგება ევროსტატის მონაცემებს და ასევე ეთანხმება ელექტრობის ხარჯების WEG-ის დამოუკიდებელ შეფასებას.
აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, ელექტროენერგიასა და გაზზე დახარჯული თანხის წილი მთლიან დანახარჯებში მაღალი არ არის, ეს ხარჯები იგივე რიგისაა რაც თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები, ტანსაცმელი და სხვა. თუმცა, გასათვალისწინებელია ენერგეტიკული ხარჯების მკვეთრი სეზონური ცვალებადობა. კერძოდ, საქართველოში ზამთრის პერიოდში დაახლოებით 4-5 ჯერ მეტი გაზი მოიხმარება ზაფხულთან შედარებით. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის აბონენტებისათვის ბუნებრივი გაზის ხარჯები ზამთარში მთლიანი ხარჯების 8.4% შეადგენს, ხოლო ზაფხულში - 1.8%-ს (საშუალოდ 4.9%). საქორგგაზის და სოკარ-გაზის აბონენტებისთვის კი შესაბამისად ზამთარში 4.9%-ად, ხოლო ზაფხულში 1.1%-ად ნაწილდება (საშუალოდ 2.9%).
გაზრდილი დანახარჯების ძირითადი წილი ზამთარზე მოდის. „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლებისათვის გაზრდილი მაჩვენებელი მთლიანი დანახარჯის მხოლოდ 0.057%-ს შეადგენს, ამ ცვალებადობის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საშუალო ოჯახის ხარჯები ზამთარში 0.08-0.09%-ით, ხოლო ზაფხულში 0.02%-ით გაიზრდება.
„საქორგგაზისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაში რეგულირებული საყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდა დაახლოებით 20%-ია, შესაბამისად სხვა ქალაქების აბონენტებისთვის გაზრდილი ტარიფები საშუალო ოჯახის მთლიან დანახარჯებს გაზრდის 0.56%-ით. სხვა ქალაქებისთვის ეს მაჩვენებლები იქნება ზამთარში - 0.9-1% და ზაფხულში 0.2%. გასათვალისწინებელია, რომ კვლევების მიხედვით სოფლის მოსახლეობა უმეტესად შეშით თბება, შესაბამისად ანალოგიური შეფასება გართულებულია.
სოციალური ეფექტის შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი, დაბალშემოსავლიანი ოჯახებში ენერგეტიკული ხარჯების წილი უფრო მაღალია, ვიდრე შეძლებულ ოჯახებში.
ზემოთ მოყვანილია მხოლოდ პირველადი შეფასებები რაც მოითხოვს დაზუსტებას უფრო დეტალური ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა იგი საკმარისი მიახლოებით ასახავს რეალობას მოსახლეობის პირდაპირი სუბსიდირების და/ან საფეხურიანი ტარიფების შემოღების მიზანშეწონილობის შესაფასებლად.