დიდი ბრიტანეთი მზად არის ევროკავშირს 40 მილიარდი ევრო გადაუხადოს , თუ ბრიუსელი დათანხმდება ლონდონთან ფინანსური დარეგულირების ისეთი საკითხები განიხილოს, როგორიც არის სავაჭრო შეთანხმების დადება, მომავალი პარტნიორობის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Sunday Telegraph იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობაში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შეთავაზებული თანხა ერთადერთი ვარიანტია, რომელიც ლონდონს საშუალებას მისცემს ბრიუსელთან მოლაპარაკების პროცესში ჩიხიდან გამოვიდეს.
„რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, ის უბრალოდ არ მუშაობს. ჩვენ ვიცით, რომ მათი პოზიციაა 60 მილიარდი ევრო, თუმცა ქვედა ზღვარი სადღაც 50 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენთვის ეს ზღვარი 30 მილიარდ ევროზე გადის, თუმცა 40 მილიარდი ევრო მისაღები თანხაა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
ბრიუსელსა და ლონდონს შორის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 19 ივნისს დაიწყო. მოლაპარაკებები 2018 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.