ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების მკვეთრად შემცირებას უჩივიან

რუსული მედია ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტების მკვეთრ შემცირებაზე წერს.  გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ არსაულში (პრიმორსკოეში) მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსი ტურისტების დაახლოებით 50% -მა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დასასვენებლად ჩასვლაზე უარი განაცხადა.

„პრიმორსკოეში საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქების გამო ტურისტული საგზურების გაუქმების მძლავრი ტალღა აღინიშნება“, - ამის შესახებ ე.წ. ”აფხაზეთის ტურისტული კავშირის” პრეზიდენტმა ანა კალიაგინამ განაცხადა.

ოკუპირებული გუდაუთის რაიონის სოფელ არსაულში (პრიმორსკოეში) მდებარე სამხედრო საწყობზე აფეთქება 2 აგვისტოს მოხდა. აფეთქებას რუსეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტებად იყვნენ ჩასული. საავადმყოფოებში კი 64 დაშავებული გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ტურისტების ერთმა ნაწილმა ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც 11 ივლისს ოკუპირებულ გუდაუთის რაიონში რუსი ტურისტი ანდრეი კაბანოვი მოკლეს, მისი ცოლ-შვილი კი გაიტაცეს.