2018 წლის სექტემბრიდან, I-VI კლასის მოსწავლეებს უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს შევთავაზებთ , - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა I-VI კლასის სახელმძღვანელოების კონკურსი. ახალი სახელმძღვანელოები 2018 წლის სექტემბრიდან შევა სკოლებში.
”ამ მიმართულებითაც ორი მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს: პირველი - სახელმძღვანელოები არსებითად გაუმჯობესებული იქნება შინაარსობრივად, ვინაიდან პროგრამები არის განტვირთული, ამასთან შეფასება მოხდება უფრო ბევრი და მრავალფეროვანი კრიტერიუმების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, რომ თავისი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შემოგვთავაზონ. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს და I-VI კლასის მოსწავლეებს 2018 წლის სექტემბრიდან უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს შევთავაზებთ”, - განაცხადა ლია გიგაურმა.
მისივე განმარტებით, ახალი სახელმძღვანელოების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესდება.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ჩანთის სიმძიმის პრობლემა მომავალში მოსწავლეებს ნაკლებად შეაწუხებთ, რადგან კიდევ ერთი სიახლე სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების შექმნასა და განთავსებას უკავშირდება, როგორც მოსწავლეების ბუკებში, ასევე სამინისტროს ვებ-გვერდზე.
”თუმცა, სრულად ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე გადასვლა, მითუმეტეს დაწყებით კლასებში, რეკომენდებული არ არის. თითოეულმა მასწავლებელმა ისე უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაცვლების საშუალება და არ მოუწიოთ ყოველდღე დატვირთული ჩანთით სიარული. ელექტრონული ვერსიები ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად მომზადდება და 2018-2019 სასწავლო წლიდან აიტვირთება”, - განაცხადა ლია გიგაურმა.