დიდ დიღომში, გუდვილის მიმდებარედ, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
როგორც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ია ბადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია მის ახლობელს, საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესის წამოწყებას აპირებს.
ია ბადაშვილის ინფორმაციით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
ხანძრის კერები რამდენიმე მონაკვეთზე შეინიშნება.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი საბურავებს გაუჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი ბალახზე გავრცელდა. ტერიტორიაზე ოცამდე ხეა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.