საკუთარი სახსრებით დაწყებული ბიზნესი - ასეთია სამკერვალო „თენოს“ ისტორია. ბიზნესის დაწყების ისტორიაზე, სირთულეებზე, სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპრესნიუსს“ სამკერვალოს მფლობელი ნონა ხუბულური ესაუბრა.
„კაზინოში ვმუშაობდი, თუმცა როდესაც იქიდან წამოვედი ასაკისა და გამოცდილების არ ქონის გამო სამსახურის შოვნა გამიჭირდა. იმ პერიოდში ტურიზმი ვითარდებოდა, თუმცა, საკუთარი მცირე კვლევის შედეგად აღმოვაჩინე, რომ სასტუმროებს სჭირდებოდათ თეთრეული, რომელიც ადგილზე არ იწარმოებოდა და ძირითადად სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. ეს ბაზარი იყო სრულიად თავისუფალი, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მომავალი საქმიანობა ტექსტილის წარმოებისთვის დამეკავშირებინა. თავდაპირველად, 2010-2011 წლებში სახლში ვმუშაობდი, ახლა კი უკვე 4-5 წელი იქნება რაც საკუთარი მცირე სამკერვალო გავხსენი“, - აღნიშნა ხუბულურმა.
რამდენად მარტივი იყო ნდობის მოპოვება, რომ შეკვეთები მიგეღოთ?
ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით რთული, ან მარტივი იყო. სანამ ხვადასხვა დაწესებულებებთან მოლაპარაკებას დავიწყებდი თავად ვისწავლე - თუ რომელ დაწესებულებას რა და როგორი პროდუქტი სჭირდებოდა. შედეგად არ გამჭირვებია ურთიერთობა და თვითონაც მარტივად წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. სწორედ იმ პერიოდში ვისწავლე კერვაც და თავიდან დამოუკიდებლად ვმუშაობდი.
რა მომსახურებას სთავაზობს „თენო“ მომხმარებელს და ძირითადად რომელ დაწესებულებებთან თანამშრომლობს?
საქართველოს მასშტაბით ვემსახურებით, როგორც სასტუმროებს, ასევე რესტორნებს, საავადმყოფოებს. ჩვენს შეკერილ პროდუქციას ფაქტობრივად ყველა რეგიონში ვაწვდით სასტუმროებს. ვთანამშრომლობთ როგორც მცირე, ასევე დიდ სასტუმროებთან. რაც შეეხება მომსახურებას, ვკერავთ და ვაწვდით უნიფრომებს, სუფრებს, თეთრეულს, ფარდებს, ყველაფერს რაც ტექსტილს ეხება.
რამდენად კონკურენტულია დღეს ეს სფერო?
დღეის მდგომარეობით ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ არამარტო ქართველებმა, არამედ უცხოელებმაც კი დაიწყეს ამ სფეროში საქმიანობა.
ამის ფონზე რა არის „თენოს“ უპირატესობა?
სფეროში მოღვაწე თითოეულ კომპანიას აქვს ცალკე განხრა, ზოგი მხოლოდ ბალიშებს კერავს, ზოგი თეთრეულს და ა.შ. ჩვენ კი გვაქვს ყველაფერი - თავად ვკერავთ, შემოგვაქვს მზა პროდუქციაც. ხარისხი არის ბევრად უკეთესი ვიდრე მაგალითად, თურქეთიდან ჩამოტანილი პროდუქციის. ამასთან, ადგილზე მივდივართ და ვნახულობთ თუ რა სჭირდება თითოეულ დაწესებულებას. შესაბამისად ჩვენი შეკერილი პროდუქციის ხარისხი და ფასი კონკრეტულ დაწესებულებაზეა მორგებული.
შპს „თენოს“ სამომავლო გეგმები
გვინდა საინტერესო გავხდეთ 5 ვარსკვლავიანი, დიდი, ქსელური სასტუმროებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან მარაგდებიან. ამასთან, საკუთარი კვლევის საფუძველზე, შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ტექსტილის სფეროში საკუთარი წარმოება არ აქვთ და ჩინეთიდან და თურქეთიდან მარაგდებიან. შესაბამისად, საკმაოდ რეალური და შესაძლებელია ჩვენ მიერ ამ ქვეყნების მომარაგება.
„თენო“ მონაწილეობას იღებს „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“… რას ელით ამ პროექტისგან?
ზოგადად, ამ პროექტში ბევრი ახალი და საინტერესო ბიზნესი მონაწილეობს, ამიტომ გადავწყვიტე წელს ჩვენც ჩავერთოთ. წარდგენილი ვართ ორ ნომინაციაში - წლის ქართული პროდუქტი და წლის ტურისტული ბიზნესი. მიუხედავად იმისა გაიმარჯვებ თუ არა, მსგავსი პროექტებით იზრდება ცნობადობა, ამიტომ ვფიქრობ რომ ბიზნესი ასეთ კონკურსებსა და პროექტებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს.
თაია არდოტელი