გასულ უქმეებზე ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების ფასი კვლავ გაიზარდა.
ბიტკოინის ფასი 3 000 დოლარს ასცდა და ახალი მაქსიმუმი 3 200 დოლარის ზევით დააფიქსირა. ამ დროისთვის ერთი ბიტკოინი 3 279.7 დოლარი ღირს. იმავდროულად, გაიზარდა ბაზარზე არსებული ბიტკოინების კაპიტალიზაცია, რომელმაც 52.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ყველა ციფრული ვალუტის (მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულია) ჯამური კაპიტალიზაცია 108.9 მილიარდ დოლარზე მეტია. გასულ უქმეებზე, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 10.19 პროცენტით გაიზარდა, სულ კი ციფრული ვალუტების ღირებულებამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 15.40 პროცენტით მოიმატა.
ამავე პერიოდში, მკვეთრად დაეცა ბიტკოინის განაყოფის, ბიტკოინ ქეშის ღირებულება. მისი ფასი 20 პროცენტზე მეტით, 231 დოლარამდე დაეცა. არადა, 2 აგვისტოს 727 დოლარი ღირდა. ბევრი ანლტიკოსი უკვე თვლის, რომ ბიტკოინ ქეშს მომავალი არ აქვს.
რაც შეეხებ ბიტკოინს, ახლა ბევრს აინტერესებს, შეძლებს თუ არა ის 4 000 და 5 000 დოლარამდე ასვლას? სულ ცოტა ხნის წინათ, „გოლდმენ საქსის“ უფროსმა ანალტიკოსმა შება ჯაფარიმ იწინასწარმეტყველა, რომ მალე ბიტკოინის ფასი 4 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა „კაიზერ რიპორტის“ წამყვანი მაქს კაიზერი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინის ფასი მალე 5 000 დოლარს მიაღწევს.
საინტერესოა, რომ ბიზნესმენ ჯონ მაკეფის აზრით, ბიტკოინის ფასი სამ წელიწადში ნახევარ მილიონ დოლარს მიაღწევს და არც იმას გამორიცხავს, რომ 2.6 მილიონს მიაღწიოს. ანტივირუსების მწარმოებელი კომპანიის შეფმა თავად დაიწყო ბიტკოინების მოპოვება და მალე ეთერიუმის მოპოვებასაც იწყებს. უფრო მეტიც, უკვე დაწყებული აქვს მუშაობა საკუთარ ვალუტაზე, რომელსაც ამ ეტაპზე, მაკეფი კოინად მოიხსენიებენ.