კახა კალაძე - ღამის თბილისს უსაფრთხოება, შესაბამისი რეგულაციები და უბნებში გადანაწილება სჭირდება

ღამის თბილისს უსაფრთხოება, შესაბამისი რეგულაციები და უბნებში გადანაწილება სჭირდება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ღამის ქალაქთან“ დაკავშირებით, „ინოვაციური თბილისის“ მიერ მომზადებულ მოკლე მიმოხილვას.

მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" „ინოვაციური თბილისის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დედაქალაქის პრობლემებს კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება.

„მოხარული ვარ, რომ თემამ თქვენი დაინტერსება გამოიწვია. ამაზე კამათი უკვე დასტურია, რომ რადგანაც ღამის ეკონომიკა არსებობს და ქაოტურად ვითარდება, მას პატრონობა და სწორი მენეჯმენტი უნდა. თბილისს აქვს დიდი და პატარა პრობლემები, რაც ქალაქს და თბილისელებს ეხება. ყველაფერს კომპლექსურად, ერთდროულად უნდა მივხედოთ“, - წერს კახა კალაძე „ინოვაციური თბილისის“ გვერდზე.

მისივე თქმით, ღამის თბილისს უსაფრთხოება, რეგულაციები და შესაბამისი ლოკაციების შერჩევა სჭირდება. „ღამის თბილისს უსაფრთხოება, შესაბამისი რეგულაციები (ხმაური, ლოკაციების შერჩევა), უბნებში გადანაწილება, სტარტაპ პროექტების წახალისება და ხელშეწყობა სჭირდება. ახალს არაფერს ვიგონებთ. არსებობს ევროპული, მსოფლიო გამოცდილება და მას თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებას მოვარგებთ“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი. კახა კალაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეომიმართვის შემდეგ, სადაც ის დედაქალაქში ღამის ცხოვრების განვითარებაზე საუბრობს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში, „ინოვაციური თბილისის“ გვერდზე, „ღამის ქალაქთან“ დაკავშირებით მოკლე მიმოხილვა გამოქვეყნდა.

მიმოხილვის თანახმად, მსოფლიოში ქალაქის განვითარების ახალი მიმართულება - ე.წ. ღამის ცხოვრების განვითარება ტურიზმის ზრდას უწყობს ხელს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის.