ათეულობით ქართველი მეცნიერი დღეს ისეთ საერთაშორისო კვლევით პროექტებზე მუშაობს, როგორიცაა პარალელური სამყაროს კვლევა, შიდსისა და კიბოს მკურნალობის მეთოდები, სხვადასხვა პათოლოგიის მართვა და ა.შ.
"კვირის პალიტრა" სწორედ ასეთ წარმატებულ ქართველებზე გიამბობთ:
ალბათ, როდესაც საზღვარგარეთ წარჩინებულ ქართველებზე ვიწყებთ საუბარს, უმრავლესობას, პირველ რიგში, პროფესორი გია დვალი გვახსენდება - ქართველი მეცნიერი, რომელიც თეორიულ ფიზიკაში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფიზიკოსად არის აღიარებული. კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია და ადრეული სამყაროს ევოლუცია - სწორედ ამ სფეროების შესწავლით ქართველი ფიზიკოსი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. ამასთან, გამოიკვლიოს, რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს. რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქებისას, არსებობდა თუ არა მაშინ დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა. შ. უამრავი გამოკვლევის საფუძველზე, მეცნიერები, მათ შორის, პროფესორი გია დვალი, ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ პარალელური სამყარო რეალობაა და ის ჩვენს სამყაროსთან ერთად თანაარსებობს. საერთოდ, კაცობრიობა დიდი ხნის წინ დააფიქრა პრობლემამ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ასეთი სამყაროები პირველად ნახსენებია ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებში, თუმცა, პირველი, მეტ-ნაკლებად მეცნიერულად დახვეწილი მოსაზრება ცნობილმა იტალიელმა მოაზროვნემ, ჯორდანო ბრუნომ შემოგვთავაზა, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი სამყაროს გარდა არსებობს სხვა სამყაროებიც. ეს თეორია XX საუკუნეში აინშტაინმა განავრცო, რომლის დაკვირვებითაც ჩვენი სამყაროს გვერდით არის სხვა სამყარო, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სამყაროს სარკისებურ ანარეკლს და მისი გასაღები იმალება ე.წ. მეხუთე განზომილების არსებობაში. სწორედ ამ არსებული თეორიების შეჯამებასა და დამტკიცებას ცდილობს მეცნიერი გია დვალი, რომლის ექსპერიმენტებიც გერმანიის სამეცნიერო ინსტიტუტმა სამმილიონ-ნახევარი ევროთი დააფინანსა. პარალელურად, დვალი ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში მიმდინარე დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტშიც მონაწილეობს, რაც დიდი აფეთქების თეორიის ექსპერიმენტულ მოდელირებას გულისხმობს. სწორედ მასშტაბური კვლევებისა და რევოლუციური თეორიების გამო ქართველი ფიზიკოსი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატი გახდა, პარალელურად, დვალი მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი და ასევე, ნიუ-იორკის სამეცნიერო უნივერსიტეტის პროფესორია.
ზაზა კოკაიას ბიოგრაფია ნიჭიერი ადამიანის ოცდაოთხსაათიანი შრომისა და თავბრუდამხვევი წარმატების ნიმუშად გამოდგება - 1992 წელს კოლეგებთან ერთად ისიც საქართველოში გამეფებულ უპერსპექტივობას გაექცა და აგერ უკვე 25 წლით შვედეთში "ჩარჩა". დღეს ის ლუნდის უნივერსიტეტსა და ჰოსპიტალთან არსებულ ღეროვანი უჯრედების ცენტრს ხელმძღვანელობს და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერად ითვლება. მან საოცარი სამეცნიერო უნარები თავდაპირველად ტვინის პათოლოგიების, კერძოდ, ეპილეფსიის, ტვინის იშემიური ინსულტის პათოფიზიოლოგიური მექანიზმებისა და მათი განვითარების პროცესის კვლევისას გამოავლინა, რის გამოც ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიის და ნეირომეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელად დაწინაურდა. რა არის ღეროვანი უჯრედები? ადამიანის ორგანიზმში არსებობენ უნივერსალური უჯრედები, რომლებსაც თითქმის ყველა უკურნებელი სენის დამარცხების პოტენცია აქვთ, სწორედ ბუნების ამ სასწაულებს ჰქვია ღეროვანი უჯრედები. მეცნიერების, მათ შორის, ზაზა კოკაიას მოსაზრებით, შეიძლება ავიღოთ ღეროვანი უჯრედი, ვაქციოთ ჯანმრთელ, დიფერენცირებულ უჯრედად და მისით, მაგალითად, დიაბეტით დაავადებული ადამიანის გადაგვარებული უჯრედები ჩავანაცვლოთ. იგივე ლოგიკა მიუდგება ყველა ზემოხსენებულ დაავადებას სიმსივნის თუ ალცჰაიმერის ჩათვლით. კაცობრიობისთვის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორიის კვლევის პრივილეგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს, მათ შორის, შვედეთს და მსოფლიო მეცნიერების ვიწრო ჯგუფს, რომელთა შორისაც ზაზა კოკაია ღირსეულად იკავებს ადგილს.
შიდსი დღემდე უკურნებელ ვირუსულ დაავადებად ითვლება და მას მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი კაცი ებრძვის. ჰოპკინსის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფი შიდსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს, რომელთა შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ესაძეცაა. მისი სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა წლების წინ ტექსასის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც სტუდენტობის ერთი წელი გაატარა და მალევე მიხვდა, რომ ბიოფიზიკა სწორედ მისი მთავარი საქმე უნდა გამხდარიყო. დღეს ალექსანდრე ესაძე ხუთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული და მალე დაასრულებს კვლევას, რომელიც უკანასკნელი 20 წლის ბიოფიზიკურ კვლევებს დნმ-ის შესახებ, უშუალოდ უჯრედში პროცესებთან აკავშირებს.
შარშან სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორი, ქართველი მეცნიერი თამარ პაზიაშვილი ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის პრესტიჟული Michael Prize-ით დააჯილდოეს - Michael Prize ნობელის პრემიის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება მსოფლიოში. 34 წლის მეცნიერებათა დოქტორს ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც მღრღნელებს ოპტოგენეტიკის დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები დაწყებისთანავე უწყდებათ. ეს ხერხი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ტვინის გარკვეული უჯრედები სინათლის საშუალებით გაააქტიურონ ან "გამორთონ." ასევე ქართველ მეცნიერს ეკუთვნის ნეირონების წრედის აღმოჩენა, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. თამარ პაზიაშვილს ამერიკაში თამარ პაზის სახელით იცნობენ, მან უმაღლესი განათლება პარიზის მარი და პიერ კიურის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო, 2007 წელს კი მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტის პოზიცია დაიკავა. ნიჭმა და დაუღალავმა შრომამ ნაყოფი მალე გამოიღო - 33 წლის ასაკში თამარ პაზიაშვილი სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა და ლაბორატორიის გახსნა შესთავაზა გლადსტოუნის ინსტიტუტმა. ლაბორატორია მის სახელს ატარებს (Paz Lab) და ადამიანის ტვინსა და ტვინის პრობლემებს სწავლობს.
ალექსი ბაიდოშვილი პირველი მეცნიერია მსოფლიოში, რომლის ხელმძღვანელობითაც Labpon-ი პირველი ლაბორატორია გახდა მსოფლიოში, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიაზე გადავიდა - როდესაც ამ ინფორმაციას ერთ-ერთ წამყვან ჰოლანდიურ საინფორმაციო პორტალზე წავაწყდი, ფრაგმენტი - "პირველი მეცნიერი მსოფლიოში" რამდენჯერმე გადავიკითხე. წარმოიდგინეთ, მაშინ, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარების პიკზეა და ყველა წამყვანი ლაბორატორია თუ კლინიკა მათ დანერგვასა და გამოყენებას ცდილობს, ქართველმა მეცნიერმა მოახერხა და გახდა მსოფლიოში პირველი მეცნიერი, რომელმაც ლაბორატორიის მუშაობა ახალ ტექნოლოგიებზე ააწყო. ალექსი ბაიდოშვილი დღეს მსოფლიოში ცნობილი პათოლოგ-ანატომია და Image Analysis პროგრამის ჯგუფს ხელმძღვანელობს. "ენისა და ფინანსური პრობლემების გამო ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც ეს რთული გზა იყო, მაგრამ გადავლახეთ ყველაფერი და ჩვენს შვილებთან ერთად ბედნიერი ცხოვრება ავაწყვეთ. სამშობლოში რომ ვიყოთ, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. ჰოლანდიაც ჩვენს მეორე სამშობლოდ იქცა, თუმცა ბუნებრივია, ჩემი ყველა წარმატება საქართველოს ეძღვნება", - ამბობს ალექსი ბაიდოშვილი.
კიბო სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყოველწლიურად 35 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს. კიბოს დასამარცხებლად იბრძვის მთელი თანამედროვე სამედიცინო სამყარო, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი, 29 წლის ლევან ზანდარაშვილია. იხილეთ გაგრძელება