ბინის შეძენა მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ოჯახის ცხოვრებაში - ახალი ბინა ნიშნავს ახალ გარემოს და რაც მთავარია, უფრო კომფორტულ, სასიამოვნო სიტუაციაში ცხოვრებას.
ასეთ დროს ადამიანი არჩევანის წინაშე დგას: ბინა ახალაშენებულ კორპუსში შეიძინოს თუ ძველში, კორპუსის ბინის ყიდვა სჯობს თუ კერძო სახლის, რა უნდა გაითვალისწინოს, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ა.შ... ამ საკითხებზე უძრავი ქონების სააგენტო „თბილისისერვისის“ დირექტორი გიორგი გომელაური გვესაუბრება:
- ბატონო გიორგი, თქვენი შეფასებით, ბინის შეძენა უფრო გონივრული არჩევანია, თუ კერძო სახლისა?
- კერძო სახლს იყიდის ადამიანი თუ კორპუსის ბინას, ეს უფრო გემოვნების საკითხია, მაგრამ ფინანსებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: კერძო სახლის შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ვინც სახლს ყიდულობს, დიდი ფართობის ყიდვა უწევს - ეზოს ფართობს სახლის ფართობიც ემატება და სოლიდური თანხა გროვდება - უძრავი ქონება ხომ კვ.მეტრების მიხედვით ფასდება. საერთოდ, ბინა უფრო იაფი ღირს და უფრო კომფორტულია იმ ადამიანისთვის, ვინც ქალაქში ცხოვრებას არის მიჩვეული.
- თუმცა, ვინც ბინას კორპუსში ყიდულობს, ისიც არჩევანის წინაშე დგას - ახალ კორპუსში შეიძინოს თუ ძველში?
- რა თქმა უნდა, ახალი აშენებული ბინის ყიდვა სჯობს, თუ ის კარგად და ხარისხიანად არის აგებული. ახალი კორპუსები უფრო საინტერესოა კლიენტთა უმრავლესობისთვის. ზოგიერთი სამშენებელო კომპანიის მშენებლობა საკმაოდ ხარისხიანია, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისი აშენებული სახლებიც საეჭვო ხარისხისაა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს - ხარისხიანი მშენებლობა უფრო ძვირი ღირს და ასეთ კორპუსებში ბინები უფრო ძვირია. ამავე დროს, არის ახლად აშენებული კორპუსები, სადაც ბინები უფრო იაფია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უხარისხოა. თუ მოსახლეობა უფრთხილდება კორპუსს, თუ კომუნიკაციამ არ გაჟონა და საძირკველში წყალი არ ჩადგა, შეიძლება სახლმა 50 წელი კი არა, 100-150 წელიც გაძლოს. ამიტომ, კორპუსის მკვიდრებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ყველა ნაგებობას აქვს ექსპლუატაციის საშუალო ვადა, მაგრამ მფლობელი თუ არ მოუფრთხილდება, შენობა ნაადრევად დაიშლება.
- ახალაშენებულ ბინას რამდენიმე მინუსი აქვს: მოუწესრიგებელი ეზო და ინფრასტრუქტურა, მტვერი და ხმაური... ალბათ ბევრი თქვენი კლიენტი ამასაც ითვალისწინებს, როცა ბინას ძველ კორპუსში ყიდულობს...
- ყოფით პრობლემებს ბევრი აქცევს ყურადღებას, მაგრამ ახლო მომავალში სიტუაცია შეიცვლება: წინა წლებში სტანდარტი არ არსებობდა, 2017 წელს კი, ქალაქის მერიამ შეიმუშავა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ახალ კორპუსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პარკინგი, რეკრეაციული ზონა და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც წესრიგი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საჭირო და კარგი რეგულაციაა. ასეც რომ არ იყოს, ახალაშენებული ბინის, ან სახლის ყიდვა უფრო მომგებიანია, ვიდრე ძველისა, რადგან ძველ კორპუსებს უკვე ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადა, ან ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. რა ნაკლები ხარისხიც უნდა ჰქონდეს ახალ ნაგებობას, ის მაინც ახალია.
- რა უპირატესობის გამო ყიდულობს ზოგიერთი ოჯახი ბინას ძველ კორპუსში?
- ალბათ იმიტომ, რომ ძველი კორპუსები შემოწმებულია. ადრე არსებობდა ორგანიზაცია „საქსტანდარტი“, რომელიც საცხოვრებელ ბინებს ყველა იმ ნორმისა და სტანდარტის მიხედვით იბარებდა, რომელიც მაშინ იყო მიღებული. დღეს ამ საკითხს საპროექტო ბიურო და მერიის სამსახურები ამოწმებენ, რომლებიც შენობის გარეგნულ იერ-სახეს და პროექტის შესრულებას აქცევენ ყურადღებას. ჩვენთან სამშენებლო მასალის ხარისხის დამდგენი სტრუქტურა არ არსებობს, რომელიც გააკონტროლებს, რა ხარისხის ცემენტი, ან არმატურაა გამოყენებული მშენებლობის დროს, არ არსებობს უწყება, რომელიც სინჯებს აიღებს და ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებს. შეიძლება შენობა ძველი იყოს, მაგრამ ძალიან მტკიცე იყოს. არ არსებობს შკალა, რომლის მიხედვითაც დავადგენთ, რამდენ ხანს გაძლებს ახალი კორპუსი, რომ ის სეისმურად მედეგია, ან რამდენ ბალზეა გათვლილი - არის მხოლოდ ზოგადი სტანდარტები და ამის მიხედვით ხელმძღვანელობს ყველა სამშენებლო კომპანია.
- ყიდვამდე თუ შეუმოწმებია ბინა თქვენს რომელიმე კლიენტს?
- რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევაც ყოფილა. პროფესიით მშენებელი ვინც არის, თითქმის ყველას აინტერესებს, როგორ ნაგებობაში ყიდულობს ბინას. შენობის ხარისხის შესამოწმებლად ერთადერთი გზა არსებობს: სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურო. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია, რის გამოც ყველას არა აქვს საშუალება, რომ შენობის ხარისხი გადაამოწმოს.
- და ბოლოს, მრავალსართულიან კორპუსში სჯობს ბინის შეძენა თუ 3-4-სართულიანში?
- როდესაც სამშენებლო კომპანია პროექტს ადგენს და მშენებლობას იწყებს, იმ ადგილს საფუძვლიანად იკვლევს შესაბამისი პერსონალი - ტარდება გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევები. გარდა ამისა, ქალაქის საპროექტო სამსახურს დადგენილი აქვს სიმაღლის კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც წყვეტენ, რა სიმაღლის ნაგებობა უნდა აშენდეს ამა თუ იმ ადგილზე. ვერც ერთი მშენებელი თავისი შეხედულებით ვერ განსაზღვრავს 3-სართულიანი კორპუსი ააგოს თუ 15-სართულიანი. ამიტომ, სად, რამდენსართულიან კორპუსში შეიძენთ ბინას, თქვენს გემოვნებასა და მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ხათუნა ჩიგოგიძე