იპოთეკური უზრუნველყოფით რეალიზებული ქონების რიცხვი საქართველოში საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს დაზარალებულთა უმრავლესობას კერძო მევახშეები აწიოკებენ, რომელთა საქმიანობა არც ერთი ორგანოს მიერ არ კონტროლდება. ეკონომისტები ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო საფინანსო ინსტიტუტებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთშეთანხმება ვერ ხერხდება.
იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 359-ით (25,5%) გაიზარდა და 1 769 შეადგინა. დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი 55% ფიზიკურ პირებზე, ე. წ. ”მევახშეებზე” მოდის. შედარებით მცირეა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი, შესაბამისად, 26% და 19%. 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროს” მიერ სულ რეალიზებულია 1 796 უძრავი ქონება.
”საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძის თქმით, ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, კერძო მევახშეების აქტიურობა საკმაოდ მაღალია. კერძო მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ სრულიად დაურეგულირებელი. ამიტომ, კეპულაძის აზრით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც გაზრდის კონკურენციას და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას.
”უძრავი ქონების დაკარგვა გადაუხდელი სესხის გამო ხდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიძიებთ საქმეს და ვარკვევთ, რომელი საფინანსო ინსტიტუტიდან ჰქონდა აღებული მსესხებელს თანხა, აღმოჩნდება, რომ ესაა არა ბანკი და მიკროსაფინანსო, არამედ კერძო მევახშე. ამის მიზეზი ძირითადად ისაა, რომ მევახშეები უპირატესად დაინტერესებულნი არიან უძრავი ქონებით.
კერძო გამსესხებლების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ საერთოდ დაურეგულირებელი. პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც გაზრდის კონკურენციას და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისგან მსესხებლები ძირითადად მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა. კერძო მევახშეებისგან ხალხი ძალიან ზარალდება. შესაბამისად, სასურველია მათი წილის მინიმუმამდე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობას შეამცირებს.
ასევე პრობლემა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მის ზრდაზეცაა დამოკიდებული, რადგან ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებს ეს ახასიათებთ და აქედან ერთადერთი გამოსავალი სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.
სასურველია, სესხების რისკმენეჯმენტი გაიზარდოს, ანუ უნდა იყოს რისკი დაზღვეული და მხოლოდ უძრავი ქონების სანაცვლოდ არ გაიცეს სესხი. თუ მსესხებელს არ აქვს კარგი და სტაბილური შემოსავალი, სჯობს, ასეთ ადამიანს უარი ეთქვას კრედიტზე”, - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” კეპულაძემ.
საფინანსო ინსტიტუტების მიერ მსესხებლებისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის მხრივ მევახშეთა აქტიურობასა და არასამართლიანობაზე საუბრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი ირაკლი ბერძენაძეც. მისი თქმით, ბანკებისა და მიკროსაფინანსოების წილი ამ მხრივ ბევრად დაბალია, ვიდრე კერძო იპოთეკარების, რომელთა ინტერესებშიც უშუალოდ პირადი ქონების ჩამორთმევა შედის. ბერძენაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსახლეობის ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი არაინფორმირებულობაა.
”არის საფინანსო ინსტიტუტების სამი კატეგორია – ბანკი, მიკროსაფინანსო და კერძო მევახშეები, რომელთაგან მესამე ყველაზე საშიშ გამსესხებლად შეიძლება მივიჩნიოთ. პირობებით, პროცენტებით და კუთვნილი თანხის ამოღების მექანიზმებით პირდაპირ გადასულნი არიან კრიმინალზე, ”მევახშეებთან” შედარებით, ბანკი და მიკროსაფინანსო კომპანიები ინდობენ ხალხს.
ბანკებს სახლები გააქვთ საჯარო აუქციონზე, რაც ბუნებრივია და, ზოგადად, კერძო საკუთრების გაყიდვამდე ბანკი ზარალზე მიდის. ამას გარდა, არც ისე იოლად იყიდება ასეთი სახლები, როგორც ყველას ჰგონია და არც ერთ ბანკს და საფინანსო ორგანიზაციას არ უნდა კერძო საკუთრება, მათ თანხის აღება ურჩევნიათ მსესხებლისგან და აძლევენ საშუალებას სხვადასხვა პირობით, როგორმე მოახერხონ გადახდა.
ზოგადად რომ ვისაუბროთ, ხალხს, რომელიც კარგავს საცხოვრებელს სესხის გადაუხდელობის გამო, აქვს ძალიან ცუდი ეკონომიკური ხედვა საკრედიტო საკითხისადმი. კერძო მევახშეები არიან ის პირები, რომელთა საქმიანობას სახელმწიფომ ვერაფერი მოუხერხა, ისინი გადასახადებსაც არ იხდიან. ამითაც მოგებას ნახულობენ და ისეთი პირობები აქვთ, რაც ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს სცილდება. ამის კონტროლი აუცილებელია, რათა ხალხი დაცული იყოს უსამართლობისაგან”, - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” ბერძენაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი ”რეზონანსი”