”ინტერ რაოს” ახალი სარჩელი შინაარსობრივად იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში იყო.
ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარის იურისტები საქმის დეტალებს სწავლობენ და მოქმედების სტრატეგიაც ამის შემდეგ იქნება დადგენილი.
”ეს ახალი სარჩელი რეალურად არის სხვა ინსტიტუციის გამოყენებით ინიცირებული სარჩელი, თუმცა შინაარსობრივად იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში იყო და შეეხება ტარიფებს. შინაარსობრივად სარჩელები არის ერთი და იგივე, უბრალოდ მათ დაამატეს მეორე ინსტიტუცია, რომელიც არის საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სადავო ინსტიტუციის გამოყენების მექანიზმებია აქ გაწერილი. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ეს ინსტიტუტი იყოს გამოყენებული, თუმცა დავის შინაარსი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, როგორიც ეს იყო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო დავის შემთხვევაში, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. რაც შეეხება სტრატეგიას, საკმაოდ მოცულობითი მასალებია. ბუნებრივია, ჩვენ გვყავს დაქირავებული იურისტები, რომლებიც ამ საქმის საკონსულტაციო ნაწილს ამუშავებენ. ჯერჯერობით დავის განხილვის ეტაპი არ დაწყებულა, ახლა მასალების შესწავლის ნაწილი მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით სტრატეგიაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ და რა არგუმენტები და პოზიციონირება ექნება ქართულ მხარეს დავის მთავარ ეტაპზე გადასვლის მომენტისთვის”, - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
”ინტერ რაოს“ სტრუქტურებმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს, რომელშიც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების აწევაზე უარის თქმის გამო, 175 მილიონი აშშ დოლარის ზარალის კომპენსირებას ითხოვენ.