1 სექტემბრიდაან საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს. კომპანიამ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლების მოსაპოვებლად ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
1 სექტემბრამდე ლატარიის ჩატარებაზე უფლებამოსილია „საქართველოს ლატარიის კომპანია“, რომლის 70%-იანი წილი 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ წილს ტენდერში ახალი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ - დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში თუ „ჯი ენ ელ“-ის მფლობელობაში გადავა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ლატარიის კომპანიის 70%-იან წილთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამის უწყებებს შორის, რომელთა დასრულების შემდგომაც, შესაძლებელი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება“.
ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოში ლატარიის ჩატარებისა და ორგანიზების უფლებამოსილი პირის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა - გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღო.
შპს „ჯი ენ ელ“-ს საქართველოში ლატარიის ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლება 2027 წლამდე აქვს.