დღევანდელი სავაჭრო სესიის დროს, დოლარის ინდექსი ოდნავ შემცირდა, თუმცა კლება უმნიშვნელოა და ამერიკული ვალუტა კვლავაც ინარჩუნებს იმ პოზიციებს , რომლებიც პარასკევს, ქვეყნის შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მოიპოვა.
ასეთმა სტატისტიკამ გაზარდა ინვესტორთა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტო წელს კიდევ ერთხელ ასწევს დოლარზე საპროცენტო განაკვეთს.
დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის ექვსი წამყვანი ვალუტისადმი გასაშუალოებულ კურსს გვიჩვენებს, 0.1 პროცენტით, 93.325-მდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნებამდე, ინდექსმა ბოლო 15 თვის მინიმუმი განაახლა და 92.548-ს მიაღწია. პარასკევს კი 93.774 -მდე გაიზარდა.
ამჟამად ინვესტორთა და ანალტიკოსთა ყურადღება მიპყრობილია აშშ-ის იმ მონაცემებისკენ, რომლებიც ქვეყანაში ინფლაციის დონეს განსაზღვრავს. კერძოდ, ხუთშაბათს უნდა გამოქვეყნდეს მწარმოებელთა ფასების ივლისის ინდექსი, პარასკევს კი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი. მათი დახმრებით შესაძლებელი გახდება მსჯელობა იმაზე, თუ შრომის ბაზარზე გაუმჯობესება ინფლაციის დონეზე რამდენად აისახება.
დოლარზე განაკვეთის აწევის გარდა, აქტუალური საკითხია ასევე იმ აქტივების ბაზარზე გამოტანაც, რომლებიც ფედრეზერვმა ეკონომიკის სტიმულირების პროცესში დააგროვა. ეს არის ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა შესყიდვითაც, ფედრეზერვი მიმოქცევაში დოლარის ჭარბ მასას უშვებდა და ამით ინფლაციის მიზნობრივ (2 %) დონემდე ამოწევას ცდილობდა. აქტივების ჯამური მოცულობა 4.5 ტრილიონი დოლარია.