კომპანია „ჯეოსელს“ 30 ათასი ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.
კომისიის ცნობით, „ჯეოსელმა“ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს „სისტემ ნეტს“ საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში მომსახურებაზე დაშვება შეუზღუდა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაშვების ვალდებულების ფარგლებში ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვა კომისიის წინასწარ თანხმობას საჭიროებს.
„კომისიამ მიმდინარე წლის მაისის თვეში აღნიშნული დავა განიხილა, შპს „ჯეოსელი“ წერილობით გააფრთხილა და ურთიერთჩართვის მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა. თუმცა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილება არ აღუსრულებია, რის გამოც შპს „სისტემ ნეტმა“ კომისიას საჩივრით შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ხელახლა მიმართა. ამჯერად, შპს „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ასევე, შპს „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა და მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება დაავალა“, - ნათქვამია განცხადებაში.