მწერლობა დიდი ხანია მხოლოდ ხელოვნება აღარაა.
21-ე საუკუნის მწერლები, გაყიდული წიგნებისა და გულშემატკივრების რაოდენობის პარალელურად, ერთმანეთს ბიზნესგამოცემა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების რეიტინგშიც ეჯიბრებიან.რეიტინგს სათავეში ბრიტანელი ავტორი ჯოან როულინგი უდგას. Forbes-ის ცნობით, ბოლო 12 თვეში როულინგმა 95 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ჯამში კი მისი საერთო ქონება 650 მილიონ დოლარს შეადგენს.
როულინგის სერია „ჰარი პოტერი“, რომელიც 7 ნაწილისგან შედგება ქართულ ენაზე თარგმნილია და მისი მკითხველების რაოდენობა მუდმივად იზრდება. თუმცა ჯოან როულინგი მხოლოდ ”ჰარი პოტერის” ავტორობით არაა ცნობილი. ქართულ ენაზე, ასევე, თარგმნილია კრიმინალური დეტექტიური ტრილოგიის პირველი ნაწილი ”გუგულის ძახილი”, რომელიც როულინგმა ფსევდონომით, რობერტ გელბრეითის სახელით გამოსცა. წიგნი გამოცემისთანავე მსოფლიო ბესტსელერების ათეულში მოხვდა. მას „ჰარი პოტერის“ რეკორდის მოხსნასაც კი უწინასწარმეტყველებენ.
Forbes-ის ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს უმდიდრესი მწერალი აშშ-ში ჯეიმს პატერსონი, რომელმაც გასულ 12 თვეში 85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. პატერსონი დიდი შემოსავლების პარალელურად, უამრავი ჯილდოს მფლობელიცაა. ის არის დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, „ედგარ ალან პოს პრემიის“ მფლობელი, გინესის რეკორდსმენი ავტორი ელექტრონული წიგნების გაყიდვაში 10 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით. მისი ნაწარმოებები ყველაზე მეტჯერ გახდა ”ნიუ-იორკ თაიმსის” N1 ბესტსელერი.
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი ”ობობას გამოჩენა”. რომანი გამოცემიდან 50 კვირის მანძილზე ”ნიუ-იორკ თაიმსის” ბესტსელერების ტოპ-ათეულში პოზიციას მყარად ინარჩუნებდა.
გასულ 12 თვეში მიღებული 21 მილიონი დოლარით ჯეიმს პატერსონს ჯეფ კინი მოსდევს. კინი მხოლოდ ავტორი არაა, ის რეჟიროსი, კომპიუტერული თამაშების დიზაინერი და ანიმაციების ავტორია. მისი წიგნი "წრიპა ბიჭის დღიური" მსოფლიო ბესტსელერია, რომლის 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული მსოფლიოს 90 ქვეყანაში.
ათეულში მეოთხე პოზიციას იკავებს ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი დენ ბრაუნი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული 2003 წელს გამოცემული რომანით ”და ვინჩის კოდი” გახდა. რომანი დღემდე საერთაშორისო ბესტსელერად ითვლება. იგი 44 ენაზეა ნათარგმნი და 81 მილიონ ეგზემპლიარად არის დაბეჭდილი.
ათეულის კიდევ ერთი ავტორი სტივენ კინგი 15 მილიონი დოლარით ქართველი მკითხველის ერთ-ერთი ფავორიტია. ამერიკელ მწერალს, სცენარების ავტორს, მუსიკოსს, პროდიუსერსა და რეჟისორს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. ის საშინელებათა ჟანრის ლიტერატურის წარმომადგენელია. ქართულ ენაზე მისი არაერთი რომანია თარგმნილი. ესენია ”გუმბათის ქვეშ”, ”ექიმი ძილი”, ”ჩონჩხების გუნდი”, ”ნათება”, ”ნისლი”, ”ნაშუაღამევის 4 წუთი”, ”უიმედოთა ქალაქი”, ”ქრისტინი”, ”სიზმართმჭერი”, ”მობილური”.
ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელია მისი რომანი ”უიმედოთა ქალაქი”, რომელიც შესულია სერიაში 100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ.
ქართულ ენაზე ასევე გამოცემულია სტივენ კინგის შვიდტომეული, სერიის „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ ფარგლებში. მასში წარმოდგენილია რომანები: „ნათება“, „ექიმი ძილი“, „გუმბათის ქვეშ“ და მოთხრობათა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრებული „ჩონჩხების გუნდი".
ათეულში სტივენ კინგს მოჰყვება ჯონ გრიშემი გასულ 12 თვეში მიღებული 14 მილიონი დოლარით. ამერიკელი ავტორი პოლიტიკაშიც აქტიურად საქმიანობს. მისი წიგნები 42 ენაზეა თარგმნილი და მათ შორის ქართულადაც. ქართულად გრიშემის ორი წიგნის ”სიკომოროთა მწკრივისა” და ”ფირმის” წაკითხვას შეძლებთ.
ასევე, 14 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო ნორა რობერტსმა გასულ 12 თვეში. ამერიკელი მწერალი 200-ზე მეტი ბესტსელერი ნოველის ავტორია. „ნორა რობერტსი ამერიკელთა ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული მწერალია. თავისი ზუსტი და მკაფიო წერის მანერით მან მკითხველს მალე შეაყვარა თავი. მას მხოლოდ 45 დღე სჭირდება ახალი წიგნის დასაწერად. ნორა რობერტსი მართლაც ოსტატია“ - წერდა The New Yorker -ი მწერალზე. ქართულად რობერტსის ”მატყუარას” წაკითხვას შეძლებთ.
13 მილიონი დოლარი მიიღო პაულა ჰოპკინსმა. ბრიტანელმა ავტორმა ფსიქოლოგიური ტრილერებით გაითქვა სახელი. მისი რომანი ”გოგონა მატარებელში”, რომელიც ასევე არის გამოცემული ქართულ ენაზე. ეს არის სადებიუტო წიგნი, რომელიც ყველაზე სწრაფად გაიყიდა მსოფლიოში. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნადაა აღიარებული.
"მომაჯადოებელი ისტორიაა, ვერაფრით მოსწყდები! უმაღლესი ხარისხის თრილერი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო" - წერდა ნაწარმოებზე ჟურნალისტი ოპრა უინფრი.
ელ ჯეიმსი, რომელმაც გასულ 12 თვეში 11.5 მილიონო დოლარი მიიღო, სკანდალური რომანით ”გრეის ორმოცდაათი ელფერითაა” ცნობილი. ელ ჯეიმსი ბრიტანელი მწერლის ერიკა მიჩელის ფსევდონიმია. მისი ეროტიკული რომანი 2011 წელს გამოვიდა. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიოს 37 ქვეყანაში 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მან გაყიდვის სისწრაფით "ჰარი პოტერისა" და "ბინდის" სერიებსაც გაუსწრო და რეკორდსმენი გახდა, ხოლო 2012 წლის ივნისში ეს იყო პირველი ნაწარმოები, რომლის ელექტრონული ვერსია Amazon Kindle-ისთვის მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
გასულ წელს მიღებული 11 მილიონი აშშ დოლარით სიაში მოხვდა რიკ რიორდანიც. ამერიკელი მწერლის წიგნები 42 ენაზეა თარგმნილი. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა წიგნით ”პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები”. წიგნს ქართულ ენაზეც წაიკითხავთ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორების თითქმის ნახევარი ქალია. როგორც რეიტინგის შემდგენლები ამბობენ, ტოპ 11 მწერლიდან ხუთის ნაწარმოებები ეკრანიზებულია, მაგრამ შემოსავლის ძირითადი ნაწილი მათ სწორედ წიგნების გაყიდვით მიიღეს. ჯამში, ამ ავტორებმა წლის განმავლობაში აშშ-ში 30 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაყიდეს, რამაც მათ 312 მილიონი დოლარი მოუტანა.