2015 წლის ზაფხულში, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის გამო ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. საუბარია კომპანიებზე - "ვისოლი" (10 426 393 ლარის ჯარიმა), "ლუკოილი" (4 740 260), სოკარი (14 381 385), "რომპეტროლი" (10 885 806), "გალფი" (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.
კომპანიებმა პირველივე საჯარო განცხადებებში აღნიშნეს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობდნენ და თითქმის მაშინვე, ხუთივე კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ კომპანია "სოკარის" დავის განხილვა 2016 წლის აპრილში დაასრულა და კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ასევე, კონკურენციის სააგენტოსთან დავა წააგო კომპანია "ლუკოილმა". თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიას გამამტყუნებელი განაჩენი 2016 წლის ოქტომბერში გამოუტანა. ორივე კომპანიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. კომპანია "ლუკოილის" დავის განხილვა ახლაც გრძელდება, ხოლო კომპანია "სოკარმა" სააპელაციო სასამართლოში დავის მოგება მოახერხა. როგორც ცნობილია, სასამართლომ არასაკმარისად ცნო კონკურენციის სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, საქალაქო სასამართლომ კომპანია კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და "სოკარის" საქმე, სააგენტოს ხელახალი შესწავლის მიზნით დაუბრუნა.
როგორც ეკონომიკისა და სამართლის სპეციალისტები მიიჩნევენ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის სამართლიანი და მეტწილად კონკურენციის სააგენტოს სისუსტეზე მიუთითებს.
"აფბას" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ კომპანიებმა თავიანთი რესურსების მაქსიმალური მობილიზება მოახდინეს, რათა ეს დავები თავიანთ სასარგებლოდ შემოებრუნებინათ.
"ვინც იცნობს აღნიშნულ ქეისს და ვისაც ახსოვს ის სიტუაცია, რაც სუფევდა ქართული საწვავის ბაზარზე, როდესაც კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საწვავის ბაზრის შესწავლა, ჩემი აზრით, ყველასთვის გასაკვირი იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მუხლი რის გამოც დაჯარიმდნენ კომპანიები იყო შეთანხმებული ფასების პოლიტიკა ბაზარზე, ეს კი კონკურენციის კანონის პირდაპირი დარღვევაა. იმ პერიოდისთვის მსოფლიოში ფიქსირდებოდა ტენდენცია, რომ როგორც ნედლი ნავთობის, ისე "პლაცის" ფასის კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ჩვენთან კი კომპანიები პრაქტიკულად არ ცვლიდნენ ფასს და ის მიზერული ცვლილებებიც, რომელიც ბაზარზე ხდებოდა, "მათემატიკური სიზუსტით" ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს მაშინ, როდესაც ყველა კომპანიას სხვადასხვა ტრანსპორტირების ხარჯი და სხვადასხვა საწვავის მარაგი ჰქონდა. ასეთ რეალობაში, ყველა კომპანია გაბერილი და მუდმივად მსგავსი ფასებით ოპერირებდა. სწორედ აღნიშნული უტყუარი გარემოებების გამო მიიღო პირველი ისტანციის სასამართლომ, ის გადაწყვეტილება რაც მიიღო", - აღნიშნავს ბაირახტარი.
ბაირახტარი კონკურენციის სააგენტოს პასუირობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს სისუსტე მკაფიოდ გამოჩნდა.
"ეს ერთადერთი ჯარიმა იყო, რომელიც კონკურენციის სააგენტომ შექმნის დღიდან დღემდე გამოწერა. სხვა შემთხვევებში სააგენტო ან გაფრთხილებით შემოიფარგლება ხოლმე, ან სულაც უარს ამბობს ბაზრის სწავლაზე. მაგალითად, არის დღეს რამდენიმე მეტად სენსიტიური მიმართულება, რომლითაც კონკურენციის სააგენტო აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ საქმეები კვლავ უძრავადაა. ამ უკანასკნელ დავაშიც გამოჩნდა კონკურენციის სააგენტოს სისუსტე. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, ამ დავებში კომპანიებმა ძალიან დიდი იურიდიული და ფინანსური რესურსი ჩადეს, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ვერ გაუმკლავდა კონკურენციის სააგენტო", - მიიჩნევს ბაირახტარი.
ბაირახტარის მსგავსად კონკურენციის სააგენტოს სისუსტეზე საუბრობს ბიზნეს-სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი.
"პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კარგი იქნებოდა, რომ შინაარსობრივად გვენახა. შესაძლებელია, საერთოდ საქმის დავის შინაარსზე არც იყოს საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ფორმალური ნიშნის გამო წააგო კონკურენციის სააგენტომ აღნიშნული დავა. როგორც წესი, ადმინისტრაციული ორგანოები მზად არ არიან ხოლმე სასამართლო განხილვებისთვის და ეს საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში მიუთითებს კონკურენციის სააგენტოს სისუსტეზე. ვინც უფრო კარგად იყო მომზადებული, იმან მოიგო და ის ვინც კარგად არ იყო მომზადებული, იმან წააგო - ეს ჩვეულებრივი მომენტია. პროფესიული თვალსაზრისით ადმინისტრაციულ ორგანოს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ, რომ მან დააჯარიმა ბიზნესი და მანვე უნდა დაიცვას თავისი ჯარიმა, უნდა დაამტკიცოს, რომ ეს იყო მაქსიმალურად სწორი. ამ ჯარიმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიების მიღება. უნდა დაფასდეს მოგებულის მდგომარეობა და განსჯის საგანი უნდა გახდეს წაგებული. კონკურენციის სააგენტომ უფრო მეტად უნდა იფიქროს პროფესიული, იურიდიული, ფორმალური და პროცედურული ხასიათის გაძლიერებაზე", - აცხადებს ჩარგეიშვილი.
პეტრე ლეკიშვილი
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"