GEM FEST-ის დაცარიელებული ტერიტორია ანაკლიაში - რა ხდება ფესტივალზე (+ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ავტორი „GEM FEST”-ის დაცარიელებულ ტერიტორიას აჩვენებს. ვიდეოს ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი კაფის თანამშრომელი ავრცელებს, რომლის თქმითაც, „ტერიტორია უკაცრიელია“.

„ერთ თვიანი ფესტივალი სინამდვილეში ერთდღიანი იყო. გახსნის დღიდან ასე იყო. მხოლოდ Solomun -ზე ჩამოვიდა მაქსიმუმ 10 ათასი კაცი და მეორე დღესვე წავიდა. ყველა, 100-ვე „ვენდორი“ (გამყიდველი) დაზარალდა, ჩვენი კაფეც დავშალეთ. ყველას ვალი აქვს, არავის უმუშავია,“-ამბობს მოქალაქე ვიდეოში.

რა ვითარებაა ამ დროისათვის ფესტივალის ტერიტორიაზე და რატომ არ არიან დამსვენებლები - ამის გასარკვევად „ბიზნესპრესნიუსი“ ფესტივალის ორგანიზატორებს დაუკავშირდა.

მათი თქმით, ტერიტორიაზე დამსვენებლებისა და ფესტივალის სტუმრების სიმცირის მიზეზი სამუშაო დღეებია.

„არ ვიცი ვის რა კადრები, რა ხედით და რა მიზნით აქვს გადაღებული, თუმცა, ანაკლია დაცარიელებული არ არის. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი სამუშაო დღეებია, შესაბამისად, არ არის იმდენი ადამიანი რამდენიც კვირის ბოლო, არასამუშაო დღეებში. დატვირთული დღეები ძირითადად პარასკევი, შაბათი და კვირაა, სწორედ ამ დღეებში გვყავს „ჰედლაინერები“. ასევე შესაძლოა დატვირთული იყოს ხუთშაბათიც. ეს ასეც იყო გათვლილი, რადგან შეუძლებელია 1 თვის განმავლობაში ტერიტორიაზე ყოველი დღის განმავლობაში 20 - 30 ათას ადამიანს ემოძრავა,“- განაცხადა ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია სიხარულიძემ.