„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო დავებში ეს უპრეცედენტო მოვლენაა.
„12 ივლისს პუტინის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევრო ჩაურიცხა. საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის საქმე, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში დააკმაყოფილა. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა. გასული წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელე შიოშვილის საჩივარი დააკმაყოფილა და რუსეთს მორალური ზაინის ანაზღაურებისთვის 30 000 ევროს გადახდა დააკისრა. 2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსმა სამართალდამცველებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს. შემდეგ კი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეს, საქართველოსკენ მატარებლით მგზავრობისას დაღესტანში ქალაქ დერბენდში დოკუმენტების გაუმართაობის მოტივით გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცეს. ასთმით დაავადებული ცხრა თვის ფეხმძიმე ქალი, 4 მცირეწლოვან ბავშვთან და სხვა ქართველებთან ერთად, 2 კვირის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. უკიდურესად გაწამებულმა ქართულმა ოჯახმა, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო ფეხით გადმოევლო დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვარი. 15 დეკემბერს კი გურჯაანის საავადმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა“, - ნათქვამია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ 2006-2007 წლებში საქართველოს 7000-ზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
ლია შიოშვილისა და კიდევ 10 დეპორტირებულის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.