მიმდინარე წელს Apple თავისი პოპულარული სმარტვოჩის ახალი ვერსიის გამოშვებას გეგმავს, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება ფიჭურ ქსელს.
Apple-ის საათების ზოგიერთი მოდელის ეკიპირებაში LTE ჩიპები შევა და ბევრი ფუნქციის შესრულებას ისე შეძლებს, რომ აიფონი საჭირო აღარ გახდება.
ამჟამად „ეპლ ვოჩის“ საათებს მესიჯების გასაგზავნად, რუქების მეშვეობით მარშრუტის ასარჩევად და მუსიკის მოსასმენად, აიფონთან კავშირი სჭირდება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი საათები „ინტელის“ LTE მოდემებით აღიჭურვება, საათები ჩამოთვლილი მანიპულაციების შესრულებას დამოუკიდებლად შეძლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ საათებს სხვა ფუნქციებიც ექნება. მათ შორისაა ძილის კონტროლი, რა დროსაც, სუნთქვის სიხშირეს, გულის პულსსა და ხვრინვასაც კი გააკონტროლებს. ძილის შემდეგ კი, მფლობელს ჩანაწერების ნახვის საშუალება ექნება. კიდევ ერთი ფუნქციაა სისხლში გლუკოზის კონტროლი.
CNBC-ის ინფორმაციით, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი თავად ატარებს ახალი სმარტ ვოჩის პროტოტიპს, რომელიც სისხლში გლუკოზის კონტროლის ფუნქციით არის აღჭურვილი.
გარდა ამისა, ახალი საათების ეკიპირებაში შევა კამერა, რომლითაც სელფის გადაღების გარდა, მფლობელი ვიდეოკავშირის დამყარებას და ბარ-კოდების სკანირებასაც შეძლებს.