თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, გოგა წერეთლის განცხადებით, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მთაწმინდის დამწვარ ფერდობზე , ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალისტები დამწვარი ტერიტორიის შესწავლას დაასრულებენ.
მისი თქმით, სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან და მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.
გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ძირითადად ბუჩქები და ბალახებია დამწვარი.
“დამწვარია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი. ჩვენი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და შესწავლა. პირველადი მონაცემებით, ცეცხლი ძირითადად ბალახებსა და ბუჩქებზე გავრცელდა. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ტერიტორიის აღწერა. ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. დავამუშავებთ გეგმას და მივიღებთ შესაბამის ზომებს”, - განაცხადა გოგა წერეთელმა.