ნინოწმინდასა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 7-8 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა” და „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 317.39 გრამი ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კერძოდ, 7 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტ ”ნინოწმინდაში” 232.13 გრამი არადეკლარირებული საქონელი სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, მ.ს-ს ბარგის დათვალიერებისას გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,070.40 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 14,070.40 ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო 8 აგვისტოს, არადეკლარირებული საქონელი, 85.26 გრამი ოქროს ნივთები, საბაჟო გამშვებ პუნქტ ”ყაზბეგში”, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ტ-ს ხელბარგში აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4063.34 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4063.34 ლარის ოდენობით.