„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი შიმშილობის დაწყებას აპირებს,- ამის შესახებ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირების პრეზიდენტმა, ვიტალი გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რკინიგზელები უჩა ხვთისიაშვილი და ვახტანგ ცისკარიშვილი დასაქმებულები არიან კახეთის, გურჯაანის სალიანდაგო სამსახურის დეფექტოსკოპიის სამსახურში.
როგორც ვიტალი გიორგაძემ განაცხადა, აღნიშნულ პიროვნებებს შეუცვალეს სამსახურის ადგილი და ეუბნებიან, რომ კახეთიდან უნდა გადმოვიდნენ თბილისში, სამუშაოს დაწყების ადგილი იქნება დედაქალაქი და მოემსახურებიან მარნეული-გარდაბანის სარკინიგზო ხაზს.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეს არის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების არსებითი პირობის შეცვლა.
”სამწუხაროდ, „საქართველოს რკინიგზაში“ შრომითი უფლებების კუთხით ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. სახეზე გვაქვს პროფესიონალი რკინიგზელების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო კონკრეტულად ინდივიდუალური შრომითი ხელშრეკრულებების არსებითი პირობის შეცვლა. ეს ადამიანები - უჩა ხვთისიაშვილი და ვახტანგ ცისკარიშვილი დასაქმებულები არიან კახეთის, გურჯაანის სალიანდაგო სამსახურის დეფექტოსკოპიის სამსახურში. მათ ეუბნებიან, რომ კახეთიდან უნდა გადმოვიდნენ თბილისში, ხოლო თბილისიდან უნდა იმუშაონ მარნეულის მიმართულებით. ეს არის პრაქტიკულად ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევა, ესაა კაბალური პირობა, რაც ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას იწვევს. იძულებულები არიან რომ სამსახურიდან წავიდნენ”, - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.
მისივე თქმით, დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაფარონ მანძილი და თავის სამუშაო შეასრულონ. გიორგაძის თქმით, რკინიგზას ცოტა ჰყავს ისეთი პროფესიონალები, რომლებიც წლებია მუშაობენ.
”ტენდენცია ძალიან სახიფათო ხდება. ბოლო პერიოდში ხშირად გვაქვს მსგავსი ფაქტები, როდესაც სამსახურიდან მსგავსი პროფესიონალი ადამიანები თავისუფლდებიან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ქმედითი მექანიზმები, რომ ამ ადამიანებმა დაიცვან საკუთარი უფლებები. ერთადერთი მექანიზმი სასამართლოა, ჩვენ სასამართლო დავებს ვაწარმოებთ რამდენიმე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სამი სასამართლო უკვე მოვიგეთ, რამდენიმე კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი დროში გაწელილია, წლები გრძელდება ეს სასამართლო პროცესები და ამ დროის განმავლობაში, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები ლუკმა-პურის გარეშე რჩებიან. სამწუხაროდ, რკინიგზა უარს აცხადებს სოციალურ დიალოგზე, არ აწარმოებს მოლაპარაკებას პროფკავშირთან და ასევე, დასაქმებულ ადამიანებთან. ერთადერთი საშუალება რაც რჩება ადამიანებს, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის, არის სასამართლო, რომელსაც აუცილებლად მივმართავთ",- განაცხადა გიორგაძემ.
როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, აღმოსავლეთ სალიანდაგო დეფექტოსკოპიის ოპერატორის თანაშემწე, უჩა ხვთისიაშვილი აღნიშნავს, ისინი კომპანიას ერთ კვირას აძლევენ, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობას დაიწყებენ.
”კომპანიამ დაგვიბარა, ხელი მოგვაწერინა მოტყუებით, რომ ჩვენ გვეცვლებოდა მარტო სამსახურის ადგილის სახელი. შემდეგ, დაგვიბარეს ერთ კვირაში და გვითხრეს, რომ ჩვენ პირველი აგვისტოდან ფაქტობრივად სხვა სამსახურში ვიყავით გადასულები, იგივე სამსახურში ოღონდ ადგილმდებარეობა შეცვლილი გვქონდა, რაც შეუძლებელი იყო. ვერც ვიმუშავებდით, ვერც ვივლიდით. ეს ყველაფერი იყო ფინანსებზე დამოკიდებული, ამის გამო წამოვედით სამსახურიდან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვაბრუნონ ძველ ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიწყებთ შიმშილობას. სასამართლოს მივმართავთ, როდესაც იქნება გათავისუფლების ბრძანება”, - განაცხადა უჩა ხვთისიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზაში ტრანსპორტირების, საცხოვრებლისა და კვების ხარჯების ანაზღაურებაზე უარი უთხრეს.