მებაჟეებმა საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ბათუმის აეროპორტში“, „მტკვარზე“ და „კარწახში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი მებაჟე ოფიცრებმა აღკვეთეს.

”კერძოდ, 6 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის აეროპორტი“, ისრაელის მოქალაქის, ი.ზ-ს ბარგში, ნარკოტიკული (ტრამდექსი 20 აბი) და ფსიქოტროპული (ნუროფენ გოლდი 34 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

კიდევ ერთი ფაქტი 7 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ გამოვლინდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, გ.ნ-ს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (პენტალგინ ნეო 14 აბი) უპოვეს.

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (აცეტამინოფენ კოდეინ-შაფა 10 აბი) იპოვეს 8 აგვისტოს, სგპ „კარწახის“ კონტროლის ზონაში, ირანის მოქალაქის, გ.გ.ჰ-ს ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას. საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.