ოქრო, როგორც რისკებისგან თავშესაფარი აქტივი, ბაზარზე კვლავაც აქტუალურია.
ამჯერად მასზე მოთხოვნის ზრდას ხელი პოლიტიკურმა სიტუაციამ, კერძოდ კი, ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვამ შეუწყო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას დაემუქრა, რომ თუ შეერთებული შტატებისადმი მუქარას გააგრძელებს, „ცეცხლსა და რისხვას გადააწყდება“. ტრამპმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ შექმნა მინიატურული ბირთვული ჭურვი, რომლის გადატანაც ამ ქვეყნის შეიარაღებაში არსებულ რაკეტებს შეუძლია.
ტრამპის განცხადებას აზიური სახელმწიფოს პასუხი რამდენიმე საათში მოჰყვა. კერძოდ, ფხენიანმა გამოაცხადა, რომ კუნძულ გუამზე შეტევის შესაძლებლობას განიხილავს. ცნობისათვის, ამ კუნძულზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომლის აეროდრომზეც სტრატეგიული ბომბდამშენებიც არის ბაზირებული.
პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისთანავე, ინვესტორებმა ზურგი აქციეს ისეთ რისკიან აქტივებს, როგორებიცაა აქციები და დიდი მოგების მომტანი ვალუტები. ისინი კვლავაც ოქროს, იენს და შვეიცარიულ ფრანკს მიუბრუნდნენ. კომექსის პლატფორმაზე, უნცია (31.1034768 გრამი) ოქროს ფასი 11.40 დოლარით (დაახლოებით 0.9 პროცენტი), 1 274.11 დოლარამდე გაიზარდა.
არადა, სამშაბათს ყვითელი ლითონის ფასი, 26 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე (1 257.10) იყო ჩამოსული, რაც აშშ-ში შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკის გამოქვეყნებას მოჰყვა. ამ კვირაში ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკა ისევ ამერიკაში ქვეყნდება. ესაა ინფლაციის ინდიკატორები. ამ ინფორმაციის მიხედვით, ანალიტიკოსებს უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნებათ იმაზე, თუ როდის შეიძლება მოხდეს ფედრეზერვის მიერ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევა.