მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ 98 873 აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა.
ამ დროისთვის, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 16 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, 8 000 მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 72 ათასამდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვლად, უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს.
რეესტრის ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში სანოტარო მედიაციის საშუალებით, 333 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს.
მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. რეფორმის დაწყება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული.