ელექტრონული ფოსტა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოიყენება. მას შემდეგ ციფრულმა სამყარომ მრავალი ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი შემოგვთავაზა.
„ეისითი“ დაინტერესდა, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ელექტრონული ფოსტა და ძირითადად, რა მიზნით გამოიყენება აღნიშნული საკომუნიკაციო არხი.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ელ-ფოსტა თბილისის მოსახლეობის ფაქტიურად ნახევარს (52%) საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, 48% ელ-ფოსტის მომხმარებელია.
კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში, ფოსტის მომხმარებლების უმრავლესობას (76%) მხოლოდ 1 ელექტრონული ფოსტა აქვთ გახსნილი.
რაც შეეხება სარგებლობის სიხშირეს, ელ-ფოსტის მომხმარებლების მხოლოდ მესამედი (34%) იყენებს მას ყოველდღიურად.
კვლევის მიხედვით, ელექტრონული ფოსტის მქონე თბილისის მაცხოვრებლები აღნიშნულ არხს ყველაზე ხშირად ფაილების გაგზავნა/შენახვისთვის, ასევე სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.
კვლევა მიმდინარე წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის გზით, 400 ზრდასრული თბილისის მოსახლე გამოიკითხა.