როდესაც ადამიანს ქონების შეძენა, ან გაყიდვა სურს, ყველაზე ხელსაყრელი გზა უძრავი ქონების სააგენტოს დახმარებაა.
რა თქმა უნდა, განცხადების განთავსება ინტერნეტშიც შეიძლება, მაგრამ თუ სააგენტოს მიმართავთ, საქმეში პროფესიონალი ბროკერები ჩაერთვებიან და მათი წყალობით დიდ დროს და ენერგიას დაზოგავთ. როგორ მუშაობენ საქართველოში უძრავი ქონების სააგენტოები და როგორია მათი საქმიანობის სპეციფიკა, ამის თაობაზე უძრავი ქონების სააგენტო
„თბილისისერვისის“ ხელმძღვანელი გიორგი გომელაური გვესაუბრება.
“ჩვენ ერთგვარი შუამავალი რგოლი ვართ მესაკუთრესა და პოტენციურ მყიდველს შორის. ეს შუამავალი რგოლი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ბროკერებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. იმისათვის, რომ ფინანსური ოპერაცია წარმატებით დასრულდეს, ბროკერს უამრავი დეტალის და ნიუანსის გათვალისწინება უწევს. როგორც წესი, დამკვეთს თავის მოთხოვნები აქვს: რომელი სართულის ყიდვა უნდა, რამდენი ოთახის, რა ადგილზე... საოფისე ფართის ყიდვა სურს თუ საცხოვრებელი ბინისა. ჩვენ გვაქვს დიდი მონაცემთა ბაზა, ძალიან ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ და დამკვეთის ინტერესების მიხედვით ვეძებთ იდეალურ ვარიანტს. ამის შემდეგ ვადგენთ ორმხრივ ხელშეკრულებას, ვუწევთ კონსულტაციას და თუ მყიდველი თანახმაა, ისეთი ფართი გადაეცემა, როგორიც აინტერესებს. თითოეულ ჩვენს კლიენტს ვუხსნით სასურველ უბანში რა ღირს 1კვ.მ., ვეუბნებით როგორ ნაგებობაშია გასაყიდი ფართობი, ინტერიერი როგორი აქვს, რამდენი სველი წერტილია ბინაში, ან როგორი მასალით არის გარემონტებული და ამის მიხედვით ვაფასებთ გასაყიდ ობიექტს. ეს ყველაფერი მესაკუთრის ინტერესების მიხედვით ხდება. ზოგს მზიანი ბინა ურჩევნია და აღმოსავლეთის მხარეს სურს იყიდოს, ზოგს აინტერესებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებით არის შენობა აგებული თუ არა... ვისაც კომერციული ფართის შეძენა უნდა, უფრო ცენტრალური და ხალხმრავალი ქუჩები აინტერესებს - მოკლედ, ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამავე დროს, კლიენტის ბიუჯეტიც უნდა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნავს გიორგი გომელაური.
მისი თქმით, სრულიად განსხვავებული სეგმენტია მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა:
„როგორც წესი, დამკვეთს მიწა კერძო სახლის, კორპუსის, ან კომერციული ფართის ასაშენებლად სჭირდება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მიწას დეველოპერები ყიდულობენ და ამ დროს ქალაქის მერიის რეგულაციების გათვალისწინება გვიწევს. უნდა გავარკვიოთ, რამდენად მისაღებია იქ მრავალსართულიანი შენობის აგება, სეისმურად საიმედო თუ არა ეს ადგილი, ან გეოლოგიურად თუ არის შესწავლილი და ა.შ... ერთი სიტყვით, მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვას სულ სხვა სპეციფიკა აქვს“, - ამბობს გიორგი გომელაური.
„თბილისისერვისის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი სააგენტოს საქმიანობაში დიდ როლს ასრულებს რამდენიმე ვებგვერდი, სადაც განცხადებებს რეგულარულად აგზავნიან. მათ შორის არის ინტერნეტპორტალი Saqme.ge, რომელიც კვირის განმავლობაში ძალიან ბევრ განცხადებას აქვეყნებს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაუკავშირდა Saqme.ge-ს დირექტორს - ნიკა ჯაფარიძეს.
„უძრავი ქონების სააგენტოები თავიანთ ბაზაში არსებულ განცხადებებს ხშირად გვაწვდიან, თუმცა განცხადებებს ფიზიკური პირებიც გვიგზავნიან, რაც ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალია. ჩვენ ამ განცხადებებს ვამოწმებთ და ამის შემდეგ ვაქვეყნებთ. როგორც წესი, სააგენტოები საქმეს სერიოზულად ეკიდებიან, მაგრამ ზოგჯერ ფიზიკური პირები საეჭვო შინაარსის განცხადებებს გვიგზავნიან. ამიტომ, მათ შინაარსს ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობთ, ვცდილობთ განცხადება არ მეორდებოდეს, ძველი არ იყოს და ა.შ...
ზოგიერთ უძრავ ქონებაზე ერთ სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლება, ხოლო ზოგიერთ ქონებას რამდენიმე სააგენტო ყიდის - ეს ამ ქონების მფლობელზეა დამოკიდებული. მისი შეძენით დაინტერესებული პირი უკავშირდება სააგენტოს, სააგენტო გამოყოფს აგენტს, რომელიც მყიდველს გასაყიდ ქონებას აჩვენებს და ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ობიექტის გაყიდვა, გაქირავება, ან დაგირავება. სააგენტოების მუშაობის ერთ-ერთი დეტალია ისიც, რომ თანხის სახით მყიდველისგან და გამყიდველისგან რაღაც პროცენტს იღებენ“, - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე.
მისი თქმით, უძრავი ქონების სააგენტოს მუშაობის სხვა გზებიც არსებობს.
„ზოგჯერ გასაყიდი ობიექტის მფლობელი თვითონ უკავშირდება სააგენტოს და დახმარებას სთხოვს ამ ობიექტის გაყიდვაში. სააგენტო იღებს სურათებს, უგზავნის ინფორმაციას საიტებს და ეძებს კლიენტურას. არის შემთხვევები, როდესაც სააგენტოები უკავშირდებიან გამყიდველს და თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ - ასეთი გზაც არსებობს. საქართველოში ძალიან ბევრი სააგენტოა, მაგრამ უძრავი ქონების საიტებთან სტაბილურად დაახლოებით 30 სააგენტო მუშაობს. ისინი რეგულარულად აქვეყნებენ განცხადებებს, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ განცხადებების რაოდენობა სააგენტოს რეიტინგულობასა და პრესტიჟზე სულაც არ მეტყველებს“, - აცხადებს ნიკა ჯაფარიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე