საქართველოს საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო.
არაბრენდირებულ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-დან 5 თეთრამდე მოიმატა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი მუდმივად მატულობს. 1 ბარელი შავი ოქროს ღირებულება ბოლო 2 თვეში 47-დან 53 დოლარამდე გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავზე ფასის ზრდას არც ბრენდირებული სადგურის მფლობელები გამორიცხავენ. მათი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში (მატების ან კლების) შესაბამისი რეაქცია ექნებათ.
ნავთობის გაძვირება შეინიშნება იმ ფონზე, როდესაც წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა პროგნოზი 2017-18 წლებში ნავთობის საშუალო ფასთან დაკავშირებით და იგი განსაზღვრა 51-52 დოლარის ფარგლებში, რაც 3 დოლარით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.
ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდება აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას, რომელიც 2017 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.
საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენების ადეკვატურად იმოქმედებენ საქართველოს ბაზარზე ბრენდირებული სადგურები. "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ როგორი მოვლენებიც იქნება მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილების კუთხით და ლარის კურსი რა ნიშნულზეც იქნება, იმის მიხედვით იმოქმედებენ. ეს ორი კომპონენტი აქამდეც იყო და ახლაც რჩება კრიტერიუმად საქართველოში საწვავის ფასი განსაზღვრაში.
"პასუხი, როგორც ყოველთვის, არის ერთგვაროვანი, ჩვენი მოქმედება იქნება ადეკვატური. უახლოეს დღეებში არავითარი ცვლილება არ იგეგმება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, მართალია, აწეულია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ შენარჩუნებას.
ძალიან გაიზრდება საწვავის ფასი, შედარებით ნაკლებად თუ გაიაფდება, ეს მალე გამოჩნდება. როგორც მოვლენები განვითარდება მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილების კუთხით და ლარის კურსიც რა ნიშნულსაც გვაჩვენებს, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ეს ორი კომპონენტი აქამდეც იყო და ახლაც რჩება მთავარ კრიტერიუმად საქართველოში საწვავის ფასის განსაზღვრისათვის", - განუცხადა "რეზონანსს" მიშველაძემ.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება უკვე შეეხო საქართველოს საცალო ბაზარს და არაბრენდირებულმა სადგურებმა საწვავი გააძვირეს, 1 ლიტრზე სხვაობა 3-5 თეთრია.
როგორც "რეზონანსს" "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ განუცხადა, ჯერჯერობით ბრენდირებული სადგურები ფასს ინარჩუნებენ და გამოუვალი მდგომარეობის გარდა, არ აპირებენ საწვავის გაძვირებას. სხვა ვითარებაა მცირე აგს-ებზე.
"პლატცის ფასის ზრდა ნამდვილად შეინიშნება. კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობი გაძვირდა. ამის შედეგად ფასის მატება ნამდვილად გვაქვს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავი საქართველოშიც გაძვირდება და პირიქით - თუკი მოხდა კლება, შესაბამისი რეაქცია გვექნება ჩვენც.
ამ ეტაპზე პირადად ჩვენი ავტოგასამართი სადგური ფასს ინარჩუნებს, ღირებულება არ გაგვიზრდია. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებზე ფასის ზრდას, ეს მათი პოლიტიკაა და ამაში ჩვენ ნამდვილად არ ვერევით", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნავთობი ბოლო პერიოდში მცოცავი მეთოდით ძვირდება და ამჟამად ბოლო 3 თვის მაქსიმუმზეა. აშშ-ში სტრატეგიული მარაგი შემცირებულია, ტურისტული და სატრანსპორტო სეზონი პიკზეა, ამიტომაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა მატულობს. ასეთი დამოკიდებულება პროდუქტს აძვირებს და შედეგიც აშკარაა - ბოლო რამდენიმე კვირაში ნავთობი 12%-ით გაძვირდა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"