განათლების სამინისტრო სკოლებში დამწყები პედაგოგების შესვლის ახალ სქემაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ახალბედა, დამწყები პედაგოგების შესვლის ახალ სქემაზე მუშაობს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლაში საათების განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა.

„ახალი პედაგოგის შემოსვლა სკოლაში, გარკვეული აზრით ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მოაკლდეს საათები. ეს გახდა ახალი პედაგოგების სკოლაში შესვლის წინააღმდეგობა. ჩვენ ვაპირებთ, ვინც დაამთავრებს პედაგოგიურ ფაკულტეტებს, ახალდამთავრებულ პედაგოგებს მივაყოლოთ თავისი საათები იმ სკოლებში, სადაც პედაგოგების დეფიციტი გვაქვს. განსაკუთრებით სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში. თუ სკოლას ჯამში მათემატიკის 100 საათი ჰქონდა და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდა პედაგოგი შევიდეს ამ სკოლაში, ჩვენ დავამატებთ საათებს და ეს იქნება ორი პედაგოგის მიერ ერთად ჩატარებული გაკვეთილი. ანუ გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.