Apple-ის ახალი ოფისით ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილოა  (+ფოტო)

Apple-ის ახალი, გრანდიოზული ოფისის Apple Park-ის მშენებლობის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და თანამშრომლებმა ახალ კომპლექსში გადასვლა დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ოფისის მშენებლობის დასრულებას კომპანიის ათასობით თანამშრომელი დიდი აღტაცებით ელის, Techspot-ის ინფორმაციით, ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილოა ახალი შენობით.

გამოცემის ცნობით, თანამშრომელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ოფისის შენობაში საკუთარი სივრცის არქონის გამო. მათი თქმით, ეს „ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორია“.

ახალ კამპუსში კომპანიამ ღია სამუშაო გარემოს კონცეფცია შეიმუშავა. თანამშრომლები ერთად დასხდებიან დიდ სივრცეში, რამაც კომპანიის აზრით, ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლობას გუნდებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტს იმდენად არ მოეწონა სამუშაო სივრცის ახალი კონცეფცია, რომ მისმა გუნდმა კამპუსში ახალი შენობა ააშენებინა.

Apple-ის ახალი კამპუსის მშენებლობა სრულად 2017 წლის ბოლოს დასრულდება. ახალ ოფისში კომპანიის 12,000 თანამშრომელი განთავსდება. გავრცელებული ინფორმაციით, კამპუსის მშენებლობა 5 მილიარდი დოლარი დაჯდა.

კომპანიისთვის ახალი „სახლის“  ამბიციურ გეგმებზე სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე, ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისში „ეფლის“ დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა განაცხადა. სწორედ მის უკვდავსაყოფად, კამპუსის 1000-კაციან აუდიტორიას სტივ ჯობსის სახელი დაერქვა.

კამპუსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. კამპუსი მფრინავი თეფშის ფორმისაა.

Apple Park -ის პროექტი დიზაინერულ კომპანია Foster + Partners-თან ერთად შემუშავდა. შენობა ჯამში 260 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს. კამპუსის მთავარი ღირშესანიშნაობა მთავარი 4-სართულიანი მრგვალი ფორმის შენობაა, რომელიც შუშისგან, ბეტონისგან და რკინისგან აიგო. კამპუსის სახურავი მთლიანად დაფარული იქნება მზის ელემენტების პანელით.

შენობაში ასევე განთავსებულია ფიტნეს-ცენტრი, კაფე, ლაბორატორიები, მიწისქვეშა პარკინგი, სხვადასხვაგვარი კიბე და შესასვლელები. კამპუსი 14 200 თანამშრომელს დაიტევს. კომპანიის ამჟამინდელი სათავო ოფისი Infinite Loop-ზე მხოლოდ სამი ათას ადამიანს იტევს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ აგრეთვე: „გაუსაძლისი პირობები“ - რა არ მოსწონთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიის თანამშრომლებს